აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს “დაბოქლომებას” გამოეხმაურა და ოპოზიციას ურჩევს “ცირკაჩობას მოეშვან” და საქმის კეთებაზე გადავიდნენ.
”მე ვურჩევდი მათ ცირკაჩობას მოეშვან და საქმის კეთებაზე გადავიდნენ, მოემზადონ არჩევნებისთვის და დაამტკიცონ რისი გაკეთება შეუძლიათ. მათ ბოქლომი ერთხელ უკვე დაადო ქართველმა ხალხმა და რა თქმა უნდა ეს ბოქლომი აღარ გაიხსნება’,’ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დღეს, 22 ნოემბერს, უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ჯაჭვით ბოქლომი ჩამოკიდეს.
უმაღლესი საბჭოს შენობასთან პარტიის წევრები და აქტივისტები დილიდან მივიდნენ. ადგილზე იყო პოლიციაც. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ შენობას სახელმწიფო დაცვა იცავდა, მათ ჭიშკრამდე ვერ მიუშვებდნენ, ბოქლომის ჩამოკიდება კი, მხოლოდ ღობეზე შეეძლოთ.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ნაწილის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე “დააბოქლომეს” პროკურატურა და მთავრობის კანცელარია.
დღეს დილიდან “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტართა ბიუროების ოფისებზე სიმბოლური ბოქლომის დადების აქცია დაიწყო და რამდენიმე მაჟორიტარის ბიუროს ოფისის კარებზე სიმბლლური ბოქლომები დაკიდეს, ასევე გააკრეს სტკერები წარწერით – “დალუქულია”.