“ქართული ოცნების” ოფისთან “შეცვალეს” 3 წევრი დააკავეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ დემონსტრანტებს გადაადგილების საშუალება არ მისცა. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია.
შინაგან საქმეთა სამინისტრის ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 166-ე, ხულიგნობის და 173-ე, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.
“სრულიად უკანონოდ დააკავეს მოძრაობა “შეცვალეს” 3 წევრი. მათ პოლიციელებმა უკანონოდ აღუკვეთეს გამოხატვის თავისუფლება. ჩვენი მოძრაობის წევრების უკანონო დაკავება არავის არ შერჩება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ შევცვლით ამ პრობლემას, რაც არის ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი”, – თქვა მოძრაობა „შეცვალეს” წევრმა, ტიტე გედენიძემ.
“შეცვალეს” წევრები ქართული ოცნების ოფისთან აქციას მართავენ შერძახილეთით – “მონებო”, “შეცვალე”.
როგორც დემონსტრანტები ამბობენ, ისინი ბიძინა ივანიშვილს ყველგან მიაკითხავენ, სადაც იქნება და დისკომფორტს შეუქმნიან.
ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ოფისში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება. შეხვედრის სავარაუდო თემა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.
ცნობისათვის, მანამდე აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაიმართა. მომიტინგეებმა მთავრობის ადმინისტრაციის ღობეზე სიმბოლური ბოქლომები დაამაგრეს. ხოლო ივანიშვილის რეზიდენციასთან ნაგვის ურნები მიტანეს და მაჟორიტარების ფოტოები დაწვეს.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. დაკავებულების ნაწილს სასამართლომ გუშინ 3,5,7, 12 და 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სხვა დაკავებულების სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
აქციის მთავარი მოთხოვნაა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით და მთავრობის გადადგომა.