მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც პროპორციული სააარჩევნო სისტემის კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, აცხადებს, რომ “ლიდერის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არ მიდის”. ლიდერში ის ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს.
ხუნდაძის შეფასებით, იმით, რომ უმრავლესობის დეპუტატების გარკვეულმა ნაწილმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, გუნდურობა არ დარღვეულა, რადგან ღია კენჭისყრაზე ყველა დეპუტატს უფლება აქვს ის გადაწყვეტილება მიიღოს, რასაც საჭიროდ ჩათვლის.
„კანონპროექტის დამუხრუჭებისას იყო საუბარი, თითქოს ეს იყო შეთანხმებული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო შეთანხმების საფუძველი. გვქონდა სამი რაუნდი შეხვედრების უმრავლესობის ფორმატში. ბატონ ბიძინასთანაც მქონდა პირადად შეხვედრა. ამ საკითხზე ვერ შევთანხმდით და საბოლოოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო ღია კენჭისყრა. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მე, როგორც ლიდერის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არ მივდივარ, მაგრამ ამ ნაწილში ჩვენი აზრთა თანხვედრა ვერ მოხდა და ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიგვეღო თითოეულ დეპუტატს საკუთრი პასუხისმგებლობით. ჩვენ არც გუნდური წესები არ დაგვირღვევია“, – განაცხადა ხუდნაძემ.
დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პროპორციული საარჩევნო კანონპროექტის კენჭისყრის დღეს განაცხადა, რომ მას მხარს არ დაუჭერდა.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი 14 ნოემბერს პარლამენტში “ქართულმა ოცნებამ”ჩააგდო, მათგან სამი მაჟორიტარი წინააღმდეგი წავიდა, 37-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. კანონპროექტსდ წინააღმდეგ ხმა მისცა დიმიტრი ხუნდაძემ.
კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. დაკავებულების ნაწილს სასამართლომ გუშინ 3,5,7, 12 და 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სხვა დაკავებულების სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
აქციის მთავარი მოთხოვნაა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით და მთავრობის გადადგომა.