ბორჯომში, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში წაყვანის, საჭიროების შემთხვევაში კი ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის მომსახურებისთვის, მერია ტენდერს 7 200 ლარზე აცხადებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ მომსახურება არანაკლებ თვეში სამჯერ უნდა განახორციელოს, 2019 წლის 25 დეკემბრამდე.
დოკუმენტებში მითითებულია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა მხოლოდ მერიის მითითებით უნდა მოხდეს, ამასთან საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
დაჭერილი ცხოველები თავშესაფარში სპეციალური ავტოტრანსპორტით უნდა გადაიყვანონ. რის შემდეგაც, უნდა მოხდეს მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა ვეტერინალური მომსახურების გაწევა, მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით (დაბირკვა) და რეგისტრირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება.
ვეტერინარული მომსახურება უნდა განახორციელონ, მხოლოდ ვეტერინარმა სპეციალისტებმა.
უნდა მოხდეს ცხოველთა თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების იდენტიფიცირება და ვაქცინირება ცოფის საწინააღმდეგოდ.
ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე მძიმედ დაავადებული ცხოველების ევთანაზია და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში (ბეიკერის ორმო) გადაყვანა.
შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უნდა გააჩნდეს საკუთარი ან სარგებლობის ნებისმიერი ფორმით (იჯარა, თხოვება, ქირა) ცხოველთა თავშესაფარი.
ცხოველთა თავშესაფარი აღჭურვილი უნდა იყოს ცხოველთა პირველადი მისაღები სათავსოებითა (საკარანტინე ზონა, განათება, ვენტილაცია) და საოპერაციო კაბინეტით, შესაბამისი აღჭურვილობით (უნდა დაერთოს აღნიშნულის ამსახველი ფოტომასალა).
ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა ამოწურულია. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „ვექტრამ“ მიიღო. ამ ეტაპზე, შერჩევა/შეფასების პროცესი მიმდინარეობს.