აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

797

წინა სტატია

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძისგან განმარტებას ითხოვენ, თუ რას ფიქრობს საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან კარვებში იმყოფებიან და მათ თორნიკე რიჟვაძე არ უნახავთ.

„ბატონო თორნიკე, გამოდით და შეგვხვდით, განმარტება გააკეთეთ მოსახლეობასთან. სასამართლო პროცესზე წავედით, ამ დროს თორნიკე რიჟვაძემ დრო იპოვა და მთავრობის შენობაში შევიდა. მოვითხოვთ, გააკეთოს განმარტება, რას ფიქრობს საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აჭარის მთავრობის სახლთან კარვებია გაშლილი, სადაც ოპოზიციის წევრები იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო, რამდენიმე დღეა პარლამენტის შენობის წინ აქციები იმართება.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის გუშინ, 18 ნოემბერს, აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მზადყოფნას გამოთქვამს, რომ იურიდიული დახმარება გაუწიოს გუშინ პარლამენტთან აქციის დაშლის დროს დაკავებულებს.

ამასთან. აქციის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.

ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად შემდეგ კი მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ადგილზე რამდენიმე კორდონად იყვნენ მობილიზებული რობოკოპები, პარალელურად, აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია და დამორჩილებოდნენ პოლიციას.

როგორც გუშინ დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებდნენ, პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.

ცნობისთვის, გუშინ პარლამენტის წინ აქცია, დაშლის მიუხედავად, მაინც გაგრძელდა.