“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატები, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და სოზარ სუბარი აცხადებენ, რომ ევროკავშირში დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ.
დეპუტატები წერენ, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესასრულებლად ქართული ოცნების მიერ წარდგენილი გეგმა საბაბსაც არ ტოვებს საკითხის შესახებ მათი გულგრილობის შესახებ სასაუბროდ. ივანიშვილის დეპუტატები ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოსაზრებებს არგუმენტებისგან სრულად დაცლილს უწოდებენ.
“აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ კანდიდატის თემა მათთვის საინტერესო საერთოდ არაა, უფრო სწორად, მხოლოდ იმ კუთხითაა საინტერესო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიენიჭოს. სწორად ამაში ხედავენ ისინი საკუთარ ერთადერთ შანსს, ქვეყანა, მათივე ტერმინით რომ ვთქვათ, “წალეკონ”, ანუ არეულობასა და ომში გახვიონ. გარდა ამისა, წარდგენილ გეგმაზე რადიკალური ოპოზიციის პირველივე რეაქციებიდან ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებამ 12 პუნქტის შესრულებისას რაც არ უნდა გააკეთოს, როგორი ევროპული სტანდარტის შესაბამისი ცვლილებებიც არ უნდა განახორციელოს, ამ ძალისხმევას მას მაინც არავინ დაუფასებს და ჩაუთვლის”. – ნათქვამია განცხადებაში.
დეპუტატების აზრით, თითოეული შესასრულებელი პუნქტი გამოყენებული იქნება როგორც მორიგი საბაბი ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განსავითარებლად და “ევროკავშირის მიერ დადგენილი თითოეული პუნქტი, რადიკალური ოპოზიციის პერსპექტივიდან, რევოლუციური გეგმის 1/12 ნაწილად უნდა განვიხილოთ”.
“მიუხედავად ჩვენი საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის წარდგენილი გეგმის შესასრულებლად ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. დარწმუნებული ვართ, დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის მყარი პრიორიტეტია და მიზნის მისაღწევად, მის გასაკეთებელს სათანადოდ აკეთებს. ხელისუფლებამ, საზოგადოების ფართო ჩართულობით, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ობიექტურ შემფასებელს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საბაბსაც კი არ დაუტოვებს.
დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის რესურსი არც ახლა აქვს და არც დეკემბერში ექნება. ქვეყნის არევას და ომში ჩათრევას ეს ადამიანები ვერ შეძლებენ. დარწმუნებული ვართ, ამაში თავის წვლილს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯიც შეიტანს”. – ნათქვამია განცხადებაში.
სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ მმართველი პარტია და საპარლამენტო თანამდებობა 28 ივნისს დატოვეს. მათი მტკიცებით, მიზეზი საზოგადოებისთვის “მეტი სიმართლის მიწოდებაა” და ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან.