საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე მიანიჭებენ, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ომისკენ მიმავალი გზაა – ხუნდაძის, სუბარისა და ყაველაშვილის განცხადება

393

წინა სტატია

როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია – საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრების – სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დეპუტატების განცხადებით, სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც იმისთვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელდეს.

„ვხედავთ, რომ კანდიდატის არაფრისმომცემი სტატუსის მინიჭებისთანავე, მოლდოვამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც ჩანს, მოლდოვას ეს პირობა წინასწარ დაუყენეს და ქვეყანა, პრაქტიკულად, არაფრის სანაცვლოდ, სულ მცირე, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს.

როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელდეს. უკრაინა და მოლდოვა, როგორც ვიოლა ფონ კრამონი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობენ, 30-წლიან მოსაცდელში თუ შეუშვეს, ჩვენ არც ამ მოსაცდელში შეგვიშვებენ, რათა გრძელვადიან რევოლუციურ სცენარს აქტუალობა შეუნარჩუნონ.

მიგვაჩნია, რომ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ამისათვის, საზოგადოებას თანდათანობით მივაწვდით ინფორმაციას იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში ვითარდება. რა თქმა უნდა, გარკვეულ დონზე რაღაცებს ჩვენც გავუფრთხილდებით და ამ ინფორმაციას დოზირებულად გავასაჯაროებთ.

ჩვენი მთავარი მიზანი იმ სცენარის პრევენციაა, რომელმაც საქართველო არეულობამდე, ომამდე და რუსულ სამხედრო ოკუპაციამდე უნდა მიიყვანოს. საქართველო ახალ არეულობასა და ომს ვერ გადაიტანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მაღალი პასუხისმგებლობით, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გვაკისრია.

გარდა ამისა, ჩვენი მთავარი მიზანი იმ გეგმის აღსრულების პრევენციაა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ისახავს მიზნად. თუ საზოგადოება არ აღიჭურვება საჭირო სიმართლით, ის თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის. ჩვენ უნდა აღვჭურვოთ საზოგადოება სიმართლით, რათა ის თავად გახდეს საქართველოს ევროპული მომავლის გარანტი.

გვესმის, რომ ჩვენი მხრიდან გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი მმართველ გუნდს უხერხულობას შეუქმნის. ამიტომ, გვიწევს პარტიის, ფრაქციისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება და დამოუკიდებლად მოქმედება. თუმცა, ვრჩებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად და გუნდს ყველანაირად დავეხმარებით ყველა საქმეში, რომელიც ქვეყნის და ხალხის სასიკეთოდ არის გასაკეთებელი“,- აცხადებენ დეპუტატები.

შეგახსენებთ, რომ  სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია “ქართული ოცნება” დატოვეს.