თალაკვაძე: საკონსტიტუციო რეფორმის შედეგია, რომ პროპორციულ არჩევნებზე 2024 წელს გადავალთ

1048

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგია, რომ ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე 2024 წელს გადავა. ამის შესახებ მან პარლამენტის შენობაში მიმდინარე ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მათი ქმედება კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდა.

“გუშინ საღამოს დავუკავშირდი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და ვთხოვე, დაბრუნებულიყვნენ კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში. ასევე შევთავაზე, რომ დისკუსია პარლამენტში გადაგვეტანა, გაგვემართა პოლიტიკური დებატები.

რა თქმა უნდა, მათ აქვთ მშვიდობიანი პროტესტის, მანიფესტაციის და შეკრების უფლება, ეს უფლება განუხრელად იყო დაცული და განუხრელად იქნება დაცული მომავალშიც.

რაც სამწუხაროა არის ის, რომ ოპოზიციის ნაწილმა და ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლობამ კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში. კერძოდ, საუბარი მაქვს პარლამენტის და სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაზე და იმ აქტივობებზე, რომელიც ინსტიტუტების ბლოკირების მიზნით ვითარდებოდა. ეს სცდება საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების ფარგლებს,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თალაკვაძე სთავაზობს ოპოზიციას, დაუბრუნდეს პარლამენტს და იქედან სცადოს მოქალაქეების დარწმუნება. გარდა ამისა, მოუწოდებს მათ, ჩაერთონ ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის პროცესში.

პარლამენტის თავმდომარე არწმუნებს მოსახლეობას, რომ 2020 წლის არჩევნები არსებული სისტემით სამართლიანად ჩატარდება.

თალაკვაძემ ასევე მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს. მისი თქმით, მათ დღეს კანონის სრული დაცვით იმოქმედეს. მან ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის მიერ პარლამენტის ჭიშკარზე დადებული ერთ-ერთი ბოქლომი მიიტანა და თქვა, რომ მას სიმბოლურად უბრუნებს ოპოზიციას.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ბოქლომი არის სიმბოლო, რომელიც გამოხატავს ოპოზიციის მიდგომებს და ღირებულებებს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს მიმართ.

„საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა პირდაპირ ეთერში ბოქლომი დადო პარლამენტის ჭიშკრებს. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, ვინ არიან ეს ადამიანები – ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, ბოქლომი დაადეს მედიას, კერძო საკუთრებას, ინსტიტუტებს, ქვეყნის თავისუფლების იდეას. ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება, ეს იყო დემოკრატია. ისინი დღეს ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე. ამიტომ მინდა, მათ სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომებს და მათ ღირებულებებს მოქალაქეების სახელმწიფოს მიმართ. ეს მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ისინი ვეღარასოდეს დაადებენ ბოქლოს მოქალაქეთა უფლებებს, სახელმწიფო საკუთრებას, მედიას და ინსტიტუტებს, ვერც პარლამენტს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბიუროს სხდომა, რომელიც დღეს 3 საათზე უნდა ჩატარებულიყო, პარლამენტში ცოტა ხნის წინ დაიწყო. დღის პირველ ნახევარში ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორები არღვევდნენ კონსტიტუციას, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებას ახდენდნენ.

პარლამენტთან აქციის დაშლა 17:00 საათისთვის წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონად იყვნენ მობილიზებული რობოკოპები, პარალელურად, აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია და დამორჩილებოდნენ პოლიციას. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, “სირცხვილიას” ერთ-ერთი წარმომადგენელი ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი.

ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად.

შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.

ამ დროისთვის პარლამენტის წინ კარვების ნაწილი აღებულია, შენობის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და პარლამენტის ბიურო სხდომის ჩასატარებლად ემზადება. პარალელურად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მაინც გრძელდება – გამომსვლელები სიტყვით გამოდიან.

პარლამენტის წინ აქცია, დაშლის მიუხედავად, მაინც გრძელდება.