ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს ხვდება

789

ამ წუთებში სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ოპოზიციის წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან. “შენების მოძრაობის” ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ელჩებთან შეხვედრა სამი დღის წინ დაიგეგმა.

“მე დღეს მათ ხელისუფლების მაგივრად მოვუხდი ბოდიშს იმის გამო, რაც მათ ბიძინა ივანიშვილმა აკადრა”, – განაცხადა უსუფაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით მოხდა. ადგილზე რამდენიმე კორდონად იყვნენ მობილიზებული რობოკოპები, პარალელურად, აფრთხილებდნენ აქციის მონაწილეებს, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია და დამორჩილებოდნენ პოლიციას. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, “სირცხვილიას” ერთ-ერთი წარმომადგენელი ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი.

ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ნებით დასაშლელად.

შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.

ამ დროისთვის პარლამენტის წინ კარვების ნაწილი აღებულია, შენობის ყველა შესასვლელი გათავისუფლებულია და პარლამენტის ბიურო სხდომის ჩასატარებლად ემზადება. პარალელურად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მაინც გრძელდება – გამომსვლელები სიტყვით გამოდიან.