თუ აქციის ორგანიზატორები პარლამენტის ბლოკირებას არ შეწყვეტენ, კობახიძე სამართალდამცველებს მოქმედებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” ოფისში მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ის ამბობს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორები არღვევენ კონსტიტუციას, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებას ახდენენ. შესაბამისად, ის მოუწოდებს მათ, რომ შეწყვიტონ ბლოკირება. თუმცა, ის, ასევე, მიმართავს სამართალდამცველებს, რომ, თუ ბლოკირება კვლავ გაგრძელდება, მათ უზრუნველყონ კონსტიტუციის აღსრულება.
ანალოგიური განცხადება ცოტა ხნის წინ უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა – მამუკა მდინარაძემაც გააკეთა. მისი თქმით, დღეს პარლამენტში დაგეგმილი ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, ამისთვის კი აუცილებელია, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება დასრულდეს.
ამ დროისთვის, საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. აქციის მონაწილეების ნაწილმა, პოლიტიკოსებთან ერთად, ღამე შენობასთან გაათია. მათ დღეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მისცეს რამდენიმე დეპუტატს.
საქართველოს პარლმენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართულმა ოცნებამ 20 ივნისის აქციებზე გაცემული პირობა – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, არ შეასრულა და კანონის პროექტი ჩააგდო.