თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე 10-ლარიანი ჯარიმა გაიზარდა და 50 ლარი გახდა. დედაქალაქში არსებულ ელექტრომანქანის დასამუხტ ადგილზე მანქანის მიერთების გარეშე გაჩერება კი 100 ლარით დაჯარიმდება. ასევე 100 ლარით დაჯარიმდება შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე მანქანის არაუფლებამოსილი პირის მიერ გაჩერება, ე.წ. ბასლაინზე და ველობილიკზე მანქანის გაჩერება. ჯარიმები ნაწილობრივ გაიზარდა მთელი ქვეყნის მასშტაბითაც.
პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები უკვე მესამე მოსმენით დაამტკიცა. 81-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც გამოქვეყნებიდან 30 დღეში ამოქმედდება.
ცვლილებების თანახმად, 100 ლარით დაჯარიმდება:
- ე.წ. ბასლაინზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად განსაზღვრული ან/და
დაშვებული კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) გარდა სხვა სახის
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა; - ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის;
- ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა
სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული
გამონაკლისებისა) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა; - სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება.
თბილისში კი დამატებით გაიზრდება ჯარიმები სხვადასხვა დარღვევაზე. კონკრეტულად:
50 ლარით დაჯარიმდება:
- თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე საფასურის გადახდის გარეშე სატრანსპორტო საშუალების დგომა;
- სატრანსპორტო საშუალების პარკირების სხვა წესის დარღვევა.
100 ლარით კი დაჯარიმდება:
- ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირება დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე;
- არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტომობილის პარკირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე;
- თბილისის საზღვრებში პარკირების ადგილზე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების სახეობის გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების დგომა.