უსუფაშვილი: რა უნდა “ოცნებას”? პროპორციულზე მსჯელობა გვერდზე გაწიოს, რადიკალიზაცია გაზარდოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს?

647

“შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგი გამართა და საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე და პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ისაუბრა.

უსუფაშვილის თქმით, არც ერთი ოპოზიციური ძალა არ უნდა წამოეგოს “ქართული ოცნების” ზაფანგზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვხსნათ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა.

“ტყუილი, მანიპულაციები და სპექტაკლების დადგმა იქცა ხელისუფლების ხასიათის თვისებად.  დღეს პასუხია გასაცემი კითხვაზე – ხალხის სამართლიან აღშფოთებას რას ეუბნება “ქართული ოცნება” და რაზე გველაპარაკება? კრიზისიდან გამოსავალზე ფიქრობს, თუ მას აქვს განზრახული შემდეგი მზაკვრული ნაბიჯი, რომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა გაწიოს გვერდზე, თავად ილაპარაკოს, რომ ჩვენ ამაზე არ წამოვალთ, შეუწყოს ხელი ოპოზიციის რადიკალიზაციას, მოსახლეობის კიდევ უფრო გადარევას და ამ არეულობის ფონზე არსებული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. ეს ხომ არ იმალება მათ ამ დამოკიდებულებებში და ამ გაცხადებების მიღმა? მე არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციის მხარეს, ამავე მოდელს ჰყავდეს მხარდამჭერები. ამიტომ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებსაც მივმართავ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოეგონ ხელისუფლების ხაფანგზე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვხსნათ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. ყველაფერი დანარჩენი არის ინსტრუმეტი ამის მისაღწევად,” – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

მან “ქართულ ოცნებას” მოუწოდა მიიღონ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული “გერმანული მოდელი”.

“დღეს კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ხელისუფლებას, ის, რაც თავად თქვენი მოქმედებით გამოიწვიეთ, ქვეყანაში შექმენით მასშტაბური პოლიტიკური კრიზისი, რომლის თაობაზეც არა მხოლოდ ქართველი ხალხი, დემოკრატიული მსოფლიოა გადარეული, ესაა მოსაგვარებელი; პროპორციული არჩევნები, რომელიც იყო ოპოზიციის მოთხოვნა და ბიძინა ივანიშვილის დაპირება, ესაა შესასრულებელი და ნაცვლად იმისა, რომ შესრულების ვარიანტებზე მუშაობდეთ თქვენ, ამასაც ჩვენ, ოპოზიცა ვაკეთებთ და გთავაზობთ “გერმანულ მოდელს”, რომელსაც 76 ხმით შეუძლია გადაწყვიტოს ყველა პრობლემა. “ამბოხებულ” მაჟორიტარებსაც მივცეთ საშუალება თავიანთ მაჟრიტარულ ოლქებში იყარონ კენჭი და პარლამენტში 73 მაჟორიტარი გვყავდეს და ოპოზიციის მოთხოვნაც შესრულდეს, რომ ჯამურად მანდატები პროპორციულად განაწილდეს. ამას აღარ სჭირდება 113 ხმის მოგროვება. თუ ამდენი გავლენა აღარ გაქვთ გუნდში, ამას სჭირდება 76 ხმა და “ქართული ოცნებიდან” სულ რაღაც 25-27 ხმის მობილიზება, ესეც აღარ შეგიძლიათ?!”- განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი ასევე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ერთადერთ ინიციატორად და ავტორად “ქართული ოცნება” ჩაიწერება და უსუფაშვილს ამისათვის არაფერი გაუკეთებია.

“დღეს ბატონმა კალაძემ გამოაცხადა, რომ თუმე, მე პირადად, წინა საკონსტიტუციო კომისიაში თითი თითზე არ დამიდია ამ საქმის მოსაგვარებლად. იმაში მართალია, რომ თითი თითზე არ დამიდია, იმიტომ რომ, თითი თითზე რომ მქონოდა დადებული, ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. ამ თითებში ხან კალამი მეჭირა და ხან კომპიუტერზე ვაწკაპუნებდი. რატომ? იმიტომ, რომ შექმნილიყო მაგალითად ეს 90-გვერდიანი დოკუმენტი, ცვლილებების თაობაზე, რომელშიც 90 სიტყვა არ არის შეტანილი მისი დღევანდელი თანაგუნდელების მხრიდან. ამ დოკუმენტში წერია სწორედ პროპორციული არჩევნების თაობაზე. როგორი უნდა ყოფილიყო პარლამენტი. დიახ, პროპორციული არჩევნები, მარავალმანდატიან ოლქებში. გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით ფრაქციებთან, “ქართული ოცნების” ფრაქციასთან თხოვნით, რომ აგერ არის წინადადებები და იქნებ რამე გვითხრათ, ხმა ამოიღოთ, მხარს უჭერთ თუ არ უჭერთ. მითხრან რა გამომიგზავნეს ამ საკითხზე? არაფერი. იმიტომ, რომ სწორედ მათ არ სურდათ მაშინ პროპორციული არჩევნები,”- დასძინა უსუფაშვილმა.

სამი დღეა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.

პარლამენტის შენობა ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ შეუშვებენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაიშალა კარვები და ჩააწყეს ქვიშის ტომრები, “ევროპულმა საქართველომ” ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

აქცია თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ 14 ნოემბერს ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.