საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში გამგეობის თანამშრომლებთან ერთად წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს.
სამშენებლო სამუშაოები ქალაქ მარნეულის და რამდენიმე მიმდებარე სოფლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება წყალმომარაგების რეზერვუარების მშენებლობა, მოეწყობა მაგისტრალური მილსადენები და გამანაწილებელი ქსელი, აშენდება წყალარინების სატუმბი სადგურები.
ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურის ბოლო ეტაპი, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ფინანსდება.
მისი დასრულების შემდეგ მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება და მოდერნიზებული, თანამედროვე წყალარინების სისტემა ექნება.