საია: პარლამენტის ბლოკირება კანონდარღვევაა, მაგრამ არსებულ კონტექსტში გამოხატვის ეს ფორმა არ უნდა შეიზღუდოს

460

წინა სტატია

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციია”  ხელისუფლებას მიმართავს, რომ ანგარიში გაუწიოს არებულ კონტექსტს და არ შეზღუდოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვის ფორმა – პიკეტირება.

“საპარლამენტო კენჭისყრამ და კონსტიტუციური ცვლილებების ,,ქართული ოცნების“ მიერ ჩაგდებამ აჩვენა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ პროპორციულ საარჩევო სისტემაზე გადასვლის პირობა, ივნისის ბოლოს, პროტესტის ტალღის დაცხრობისკენ მიმართული, ცინიკური სვლა იყო. ამას საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა და პროტესტი მოჰყვა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის პარალელურად, მმართველი ძალა არც ე.წ. ,,გერმანული მოდელით“ არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს. ამით ის თავად უწყობს ხელს ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას. შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობაც სრულად მას ეკისრება.

ხელისუფლების მიერ შემხვედრი ნაბიჯების არ არსებობისა და დემონსტრატნთა იგნორირების პირობებში, აქციის მონაწილეები მიმართავენ პროტესტის რადიკალურ ფორმას, პარლამენტის შენობის ბლოკირებას. კანონმდებლობა კრძალავს ამ ქმედებას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს მას. ამის მიუხედავად, ვინაიდან, პროტესტის მონაწილეთა ეს ქცევა არაძალადობრივია და პასიური წინააღმდეგობის ფორმით გამოიხატება, საია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს არსებულ კონტექსტს და არ უნდა შეზღუდოს აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი, აიღოს პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე, აჩვენოს კონსენსუსის ნება და მხოლოდ ასე და არა ძალის გამოყნებით, დაარეგულიროს არსებული მწვავე ვითარება,”- ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორე დღეა პარლამენტის შენობა ბლოკირებულია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ შეუშვებენ არც ერთ დეპუტატს. შესასვლელებში გაიშალა კარვები და ჩააწყეს ქვიშის ტომრები, “ევროპულმა საქართველომ” ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

აქცია თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ 14 ნოემბერს ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.