პროექტის „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ გამარჯვებულები ხმის მიცემის პროცედურით შეირჩა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში ხუთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები ასე გამოიყურება:
სოფელ კლდის ე.წ. „ზეუნის დასახლებაში“ განათების ბოძების მოწყობა – 503 ხმა (24.6%), ავტორი – ილია ზუმბაძე;
აგარის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ პარკინგის მოწყობა და ნარჩენების მართვის სისტემის დანერგვა – 374 ხმა (18.3%), ავტორი – ირაკლი მოდებაძე;
კორაშნის არხის მშენებლობა ქ. ვალეში – 366 (17.9%), ავტორი – თენგიზი ხითარიშვილი;
სანიაღვრე არხის მშენებლობა ქალაქ ვალეში, ბარათაშვილის ქუჩაზე – 353 ხმა (17.3%), ავტორი – ნუგზარ გიორგაძე;
ახალგაზრდები ტურიზმის განვითარებისთვის – 129 ხმა (6.3%), ავტორი – სალომე ზაზაძე;
საერთო ჯამში, მოსახლეობის ინიციატივებს ხმა 2 406 ადამიანმა მისცა. მათგან 362 ხმა დაიბლოკა, ხოლო დარჩენილი 2 044 მიცემული ხმით, გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
პროექტ „დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში, ხმის მიცემის პროცესი აგვისტოში დაიწყო. კონკურსში წარდგენილი 122 ინიციატივიდან, გადარჩევის შედეგად, 83 შეირჩა.
პროექტი „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ ესტონური მოდელის ანალოგია. იგი ახალციხეში 2018 წლიდან დაინერგა. პროექტი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში USAID-ის, GGI–ისა და IDFI–ის მხარდაჭერით დაიწყო.
2019 წელს, ახალციხის მერიის გადაწყვეტილებით, პროექტის ბიუჯეტი გაიზარდა და 50 000 ლარის ნაცვლად, 250 000 ლარი გახდა, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეების ხუთი ინიციატივა დაფინანსდა.