პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გასავლის კენჭისყრა უმრავლესობამ კვლავ გადადო

424

2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონის კენჭისყრა კიდევ ერთხელ გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ფრაქციების თავმჯდომარეებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის ლიდერებს მოუწოდა, რომ ხვალისთვის სრული მობილიზაცია მოახდინონ.

ხვალ დილით “ქართულ ოცნებაში” კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ დღევანდელი კენჭისყრა არ დადგეს “რისკის ქვეშ”.

მანამდე, კენჭისყრის კვლავ გადადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მოითხოვა. მას შემდეგ, რაც სადეპუტატო ითახში გია ვოლსკის ინიციატივით გამართული კონსულტაცია დასრულდა, მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ “ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს”. ის ინიციატივით გამოვიდა, რომ ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს უმრავლესობის ფორმატში და კენჭისყრაც ამის შემდეგ გაიმართოს.

„ცოტა ხმამაღალი საუბარი კი გამოგვივიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის მიმართ გვაქვს გადაულახავი ანტაგონიზმი. გადაულახავი აზრთა სხვდასხვაობა არ არსებობს, ყველაფრის გაკეთება შეიძლება თუ მოვინდომეთ. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ კიდევ ერთხელ ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ხვალ, 10:00 საათზე შევიკრიბოთ პარტიის ოფსიში. ოპოზიციას ვთხოვ მხარი დაგვიჭიროს ამ გადაწყვეტილებაში, ერთხელ მაინც”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მმართველ გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი ორი დღეა, განიხილავს.

დღეს კანონის კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს.

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.