შორაპანში 100 წლის საბავშვო ბაღი გარემონტდა

570

შორაპნის საბავშვო ბაღს, რომელიც 100 წლისაა რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დაბა შორაპანში N 41 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა, რომელიც 100 წლიან ისტორიას ითვლის, სრულიად განახლდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა შენობის კარ – ფანჯრები, განახლდა იატაკი და ჭერი, მოეწყო ახალი ელექტრო გაყვანილობის სისტემა, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა. კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობისას, მაქსიმალურად იქნა შენარჩუნებული შენობის ძველი ფასადი.

რეაბილიტირებული შენობა მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ და მერის მოადგილემ ელგუჯა კვეტენაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

„შორაპნის ბაღის შენობა ისტორიული მნიშვნელობისაა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას 2 წელიწადში დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში, შენობის სრული რეაბილიტაცია ფაქტიურად არ განხორციელებულა. მინდა მივულოცო აღსაზრდელებს, პედაგოგებს, მათ მშობლებს და ყველა შორაპნელს“, – განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. შენობის კეთილმოწყობისთვის 86 751 ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით შპს „ ბა-ნი“ აწარმოებდა.