წყალტუბოს პროექტის ფარგლებში, კურორტის მარკეტინგულ ხარჯებს მთავრობა დააფინანსებს

689

საქართველოს მთავრობა წყალტუბოს კურორტის მარკეტინგულ კამპანიას დაიწყებს. როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, მთლიანად კურორტის პოპულარიზების სამუშაოს ვერცერთი კონკრეტული ინვესტორი სრულად ვერ მოახდენს, რის გამოც ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

“ჩვენ ამ მარკეტინგულ სტრატეგიას აქტიურად განვახორციელებთ, რათა წყალტუბო გახდეს ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ცნობილი ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ წყალტუბოს კურორტთან მიმართებით დაასახელა 6 პუნქტი, რომლის შესრულებასაც სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს. ესენია: კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმის მომზადება; კურორტის ინფრასტურქტურული განვითარება – ინფრასტრუქტურული პროექტები; წყალტუბოს ტერიტორიაზე, ყოფილ სანატორიუმსა თუ სხვა შენობებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებლის შეთავაზება; კურორტის ერთიანი ადმინისტრირება, ამ პროცესის ერთიანი მართვა; მრავალწლიანი მარკეტინგული გეგმის მომზადება და განხორცილება და კურორტის მთავარი სიმდიდრის, სამკურნალო წყლის კერძო სექტორისთვის მიწოდების ერთიანი მოდელის ჩამოყალიბება და მართვა.

“დღეს ვიწყებთ წყალტუბოს მასშტაბური აღორძინების პროექტის საჯარო განხილვას, ეს არის ისტორიული პროექტი, სავსებით გასაგებია ის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაც ამ პროცესის მიმართ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი სამოქმედო სტრატეგია იყოს საჯარო. ყველა კონკრეტულ კითხვაზე პასუხი იყოს გაცემული და ინფორმაცია იყოს მიწოდებული საზოგადოებისთვის.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო, მასშტაბურმა ინიციატივამ ახალი იმპულსი შესძინა ამ პროცესს, მაგრამ ვინაიდან თავად პროექტი თავისი მასშტაბით არის, მართლაც ისეთი რანგის, შეიძლება ითქვას, რომ ის არის სახალხო პროექტი და მასში მრავალი მონაწილე არის ჩართული.

ჩვენ გვინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორი იქნება თანამოქმედება და სინერგია, სახელმწიფოს, კერძო ბიზნესსა და ქველმოქმედს შორის. პირველ რიგში როგორც სახელმწიფოს, როგორ მთავრობის წევრმა მინდა გითხრათ თუ რა ფუნქციას აიღებს და ასრულებს სახელმწიფო. აქ სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი გვყავს მოწვეული. ვისაუბრებთ თუ როგორ ურთიერთობაში ვიქნებით ბიზნესთან და რა შეთავაზება იქნება ჩამოყალიბებული.

დავიწყებ სახელმწიფოს ფუნქციით ანუ თავის ფუნქციებში რას იღებს სახელმწიფო. მე ამ გეგმას, სახელმწიფოს ნაწილში ჩამოვაყალიბებდი ექვს ძირითად მიმართულებად. პირველ რიგში, ეს არის კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმის მომზადება. შემდეგ ეს არის კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარება. რასაკვირველია, ეს არის წყალტუბოს ტერიტორიაზე, ყოფილ სანატორიუმსა თუ სხვა შენობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზება. შემდეგ ეს არის კურორტის ერთიანი ადმინისტრირება, ერთიანი მართვა ამ პროცესის. ეს არის მრავალწლიანი მარკეტინგული გეგმის მომზადება და განხორციელება. ეს არის მთავარი სიმდიდრის – სამკურნალო წყლის, კერძო ბიზნესისთვის მიწოდების ერთიანი მოდელის ჩამოყალიბება და მართვა. ეს არის ძირითადი 6 პუნქტი, რაზეც სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ამ მასშტაბურ პროცესში.

მე შევჩერდები პირველ პუნქტზე, რომელიც სავალდებულო იქნება შესასრულებლად ყველა მხარისთვის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზების შემდეგ აქტუალური გახდა საკითხი, რომ წყალტუბო უნდა განვითარდეს არა როგორც ცალკეული, ქაოტური ინიციატივები, არამედ როგორც ერთიანი, გეგმაზომიერი კომპლექსი, სადაც თითოეულ ინვესტორს ეცოდინება დანამდვილებით თუ რა ვადებში, რა ფორმით და რა სახით ვითარდება. საინტერესოა, რომ თავად წყალტუბო იყო დაგეგმილი, როგორც სპა კურორტი და პირველი გეგმა მისი განვითარების 100 წლის წინ დაიწერა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ ერთიანი გენგეგმის სახით მოწესრიგებული პროექტი არ გაგვაჩნდა.

2014 წელს მთავრობის დავალებით შესრულდა კვლევა და დაიწერა განვითარების სტრატეგია, რომელიც შეასრულეს უცხოელმა კონსულტანტებმა. ეს სტრატეგია 2014 წლიდან მოყოლებული იყო საჯარო. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გარკვეული დახვეწა და გარკვეული აფდეითი.

მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც იქნა ნახსენები, ეს არის პროექტის საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება – გზები, სარეაბილიტაციო სივრცე, გამწმენდი ნაგებობა და ასე შემდეგ ეს არის ჩვენი ფუნქცია. ეს პროექტები უკვე ხორციელდება, მაგრამ კონკრეტულ ვადებში უფრო ინტენსიურად იქნება განხორციელებული და ქალბატონი მაია ცქიტიშვილი გვესწრება და ამ ნაწილში უფრო დეტალურად მოგახსენებთ.

შემდეგი მიმართულება, რაც ვთქვი, ეს არის იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზება. მე ვთქვი, რომ დღეს 477 ოჯახი რჩება სხვადასხვა სანატორიუმში და სხვადასხვა შენობაში განთავსებული. საკმაოდ რთულ საცხოვრებელ პირობებში უწევთ მათ ყოფნა. გეგმაზომიერად მიდის ახალი კორპუსების მშენებლობის გეგმა, რათა შეიქმნას ახალი, ღირსეული საცხოვრებელი პირობები დევნილთათვის. ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წარიმართება, რასაც გავაგრძელებთ ჩვენი უფლება-მოსილების ფარგლებში.

შემდეგი ეს არის ერთიანი ადმინისტრირება კურორტის. როდესაც საუბარია ამ მასშტაბის პროექტზე, რომელიც მოიცავს მრავალ კომპონენტს და სჭირდება სინერგია, სინერგიული გადაწყვეტილებები სხვა და სხვა მონაწილის მხრიდან. ამისთვის საჭიროამ ერთიანი ადმინისტრირება იყოს განხორციელებული. ჩვენ ამ მიმართულებითაც შევთავაზებთ საზოგადოებას კონკრეტულ გადაწყვეტილებას და კონკრეტულ მოდელს.

ვერცერთი კონკრეტული ინვესტორი ვერ აიღებს თავის თავზე კონკრეტული საკურორტო არეალის და მიზიდულობის ცენტრის მთლიანად საერთაშორისო ბაზარზე მარკეტინგს და მისი ცნობადობის ამაღლებას. ეს არის ჩვენი საერთო საზრუნავი და პირველ რიგშიმ სახელმწიფოს საზრუნავი. ეს ერთიანი მარკეტინგული სტრატეგია დამუშავდება, შეიქმნება ჩვენ მიერ და ამ მარკეტინგულ სტრატეგიას აქტიურად განვახორციელებთ, რათა წყალტუბო გახდეს ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ცნობილი ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში, იმიტომ რომ ამ კურორტს შესაბამისი პოტენციალი გააჩნია.

ბოლოს მნიშვნელოვანი საკითხი რაც ეხება სამკურნალო წყალს – ეს წყალი არის ერთ-ერთი უპირატესობა ამ კურორტის. წყალი ეს არის ის უპირატესობა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ცნობადობას, თუნდაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში, სწორი მარკეტინგის პირობებში, ეს გახდება ერთ-ერთი უძლიერესი უპირატესობა, რომელიც მოიზიდავს დამსვენებელს, ახალ ტურისტებს, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სწორი პირობები თუ რა პირობების შედეგად იქნება ხელმისაწვდომი ეს რესურსი. ესეც ის კონკრეტული ფუნქციაა, რომელსაც იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო,”- ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და კურორტის რეაბილიტაციას გეგმავს. ივანიშვილის განცხადებით, ის ამ ობიექტებს საჯარო აუქციონზე შეიძენს.

15 სანატორიუმი, რომლის გამოსყიდვასაც ექსპრემიერი გეგმავს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა და მისი ღირებულება 47.5 მილიონი ლარია.