წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 15 სანატორიუმის საბაზრო ფასი, რომლის შეძენასაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აპირებს, 47.5 მილიონი ლარია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წყალტუბოს განვითარების პროექტის საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, 2019 წლის შეფასებით, 15 სასტუმროს ფასი 47.5 მლნ ლარია, თუმცა რა ღირებულებით გაიყიდება ეს ქონება, ღია აუქციონზე განისაზღვრება.
“ჩვენ ქონებას ბიზნესს საბაზრო ფასად შევთავაზებთ.საბაზრო ფასს როდესაც ვსაზღვრავთ, ვეყრდნობით 2019 წლის შეფასებას, თუმცა რეალურად საბაზრო ფასი დგინდება ღია აუქციონის პირობებში. მთლიანი კომპლექსის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 15 სასტუმროს საბაზრო ფასი ოფიციალური შეფასებით, 47.5 მილიონი ლარია,” – აღნიშნა თურნავამ.
კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა წყალტუბოში მდებარე ქონება 1 ლარად გასხვისდეს, მინისტრი შემდეგნაირად პასუხობს: “ეს შეუძლებელია. ვხედავთ ისეთ ინტერესს, რომ ეს ქონება საბაზრო ფასად გასხვისდება.”
თურნავას თქმით, წყალტუბოს პროექტი უნდა განვიხილოთ, როგორც სინერგია და არა როგორც კონკურენცია.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22-ვე სასტუმროს შეძენას გეგმავს. საუბარია, როგორც წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ქონებაზე, ისე კერძო მფლობელობაში არსებულ სასტუმროებზეც. წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროდან, უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე 15 სასტუმროა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ივანიშვილი მათ ბალანსზე არსებულ შემდეგ 15 სანატორიუმს შეისყიდის: “სამგურალი; “მეგობრობა”; “გეოლოგი”; “იმერეთი”; “გელათი”; “თბილისი”; “რკინიგზელი”; “აია”; “ფილიალი”; “უშიშროება”; “წყალტუბო”; “მედეა”; “სავანე”; “წყალტუბო”, “სინათლე”.