ივანიშვილი აცხადებს, რომ წყალტუბოს 22 სასტუმროს ღია აუქციონზე შეიძენს

672

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ წყალტუბოს სანატორიუმებსა და აბანოებს ღია, კონკურენტულ აუქციონზე შეიძენს. ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ჟურნალ entrepreneur-თან ინტერვიუში ისაუბრა. ივანიშვილის თქმით, საქართველოში მისი ბიზნეს პროექტები უფრო მეტად “საქველმოქმედო დატვირთვის” მატარებელია. ამასთან, ივანიშვილი ამბობს, რომ ის მზადაა საქართველოში არსებული ბიზნესები გაყიდოს. წყალტუბოს სანატორიუმთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ პროექტს სამი წლის განმავლობაში დაასრულებს.

“რაც შეეხება თქვენს შეკითხვას წყალტუბოს ობიექტების გამოსყიდვის შესახებ, რა თქმა უნდა, სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება. მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა და თხოვნა მექნება – ეს არის ვადები, რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში ობიექტი უნდა დასრულდეს და რეაბილიტაცია არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდეს.

მალე უნდა გამოცხადდეს საინვესტიციო პაკეტი. სწორი იქნება და უნდა შევეცადოთ, რომ ცალ-ცალკე გამოვიდეს ობიექტები, რათა ვისაც რა უნდა, ის შეიძინოს.

იქნება ტენდერი თუ აუქციონი, სახელმწიფო განსაზღვრავს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს და რა თქმა უნდა, მეც და ყველა დაინტერესებული პირი მას დავემორჩილებით.

წინასწარ ვამბობ და ვეუბნები ბიზნესსაც, რომ ეს იქნება ყველასთვის ძალიან საინტერესო და მომგებიანი საქმე, რადგან ეს სასტუმროები 12 თვის განმავლობაში იქნება დატვირთული.

ამ პროცესში, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ყველა სასტუმრო გაიყიდოს სხვა კერძო ინვესტორებზე, და პრაქტიკულად, მე აღარცერთი სასტუმროს შეძენა არ მომიწიოს.

რაც არ გაიყიდება, მე ვარ მყიდველიც და გამკეთებელიც – 3 წელიწადში!

მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ჩემი როლი ამ პროექტში, მე ვარ ერთგვარი გარანტორი და დამზღვევი, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მოდელი ასეთია – რაც არ გაიყიდება, იმას შევიძენ. ვფიქრობ, მშენებლობის პროცესშიც მოხდება დაინტერესება ბიზნესის მხრიდან. როგორც წერილში განვაცხადე, მზად ვარ, ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. მაქსიმალური ფასი მხოლოდ პროექტზე დახარჯული თანხა იქნება.

ამავე პროცესშიც დავეხმარები იმ ბიზნესსაც, ვინც უკვე ფლობს იქ სასტუმროებს და არ მოისურვებს გაყიდვას – მთავარია, მათი მაღალი ხარისხი დავიჭიროთ, ამას კი დამატებითი ინვესტიციები დასჭირდება. ზოგს შესაძლოა, თანაინვესტირების ფონდის საშუალებით დავეხმარო, ზოგს იაფი რესურსის მოძიებით ან სხვა სახით, როგორც ბიზნესს დასჭირდება.

თუ ასე არ მოხდა და ბიზნესმა ამ ეტაპზე მაინც თავი შეიკავა, ყველას ობიექტს მე შევიძენ და დავასრულებ.

რაც შეეხება ოპონენტების საყვარელ ფრაზას, რომ ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა, მინდა გავაწბილო ისინი – ყველა დაინახავს, რომ 3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი, ათასობით ადამიანი ნახავს”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.