რატომ ვერ შეარჩიეს ახალციხის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები

714

ახალციხის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურში ექვს პოზიციაზე ვაკანსია იყო გამოცხადებული. ახალციხის მერი ამბობს, რომ თანაშრომლების შერჩევა გაუჭირდათ, რადგან შესაბამისი კადრების ნაკლებობაა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურში ექვს პოზიციაზე სულ 70 განაცხადი შევიდა. შემდეგ ეტაპზე კი 12 მათგანი გადავიდა.

როგორც ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძე ამბობს, კვალიფიციური თანამშრომლების შერჩევა პრობლემას წარმოადგენს, რადგან სპეციალისტები ძირითადად კერძო სტრუქტურაში მუშაობენ: „მუნიცპალიტეტში ვაკანსიები გვაქვს ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურში. ახლაც გამოვაცხადეთ კონკურსი და ისევ ვაკანტური რჩება. იმიტომ, რომ აღმშენებლობაა ქვეყანაში და თითოეულ კუთხეში მშენებლობა მიდის. მშენებელი, მუშა, რიგითი მუშა რომ ნახო დღეს, ფიზიკურად ვერ შოულობ. ყველა მშენებელს უჭირს მოიძიოს რიგითი მუშა, კვალიფიკაციურ მუშაზე აღარ არის ლაპარაკი. თუმცა ერთ შემთხვევაში თუ იტყვი უმუშევრობაა. მშენებელი იხდის 35-40 ლარს და მუშას ვერ შოულობს“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

როდის გაიმართება ახალციხის მერიაში საჯარო პირთა შესარჩევი კონკურსის შემდეგი ეტაპი, ამ ეტაპზე უცნობია.

სექტემბერში თვითმმართველობამ ვაკანსია 10 პოზიციაზე გამოაცხადა. მათგან ექვსი ინფრასტრუქტურის სამსახურს ეხებოდა. დანარჩენი ოთხის დასახელება კი ასეთია: მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში; აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ასისტენტი; პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების საკითხებში; პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში.

კითხვაზე თუ რამდენი განაცხადი შევიდა კონკრეტულად ამ ოთხ პოზიციაზე, თვითმმართველობაში „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებენ, რომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.