გორის მუნიციპალიტეტში 600-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში ისაუბრა. როგორც დავით ონიაშვილმა აღნიშნა, 3 წლის ფონზე, გორის მუნიციპალიტეტისათვის, ეს მნიშვნელოვანი ციფრია.
„ეს არის არა მხოლოდ ციფრი, არამედ გაკეთებული საქმეები. განვლილი სამი წელი იყო გამოყენებული მაქსიმალურად. ჩვენი ყოველი წუთი და დრო მიმართული იყო სხვადასხვა საკითხის დალაგებისკენ. ბოლო დროს სოფელში ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად შეიცვალა. პირველ რიგში გავაკეთეთ წყლის სისტემები, რომელიც უკვე ხარისხიან წყალს მიაწოდებს მოსახლეობას. ეს არის სასმელი და საირიგაციო სისტემები. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ყველა სოფელს მიეწოდება სასმელი წყალი, ვმუშაობთ ძირითადად იმაზე, რომ წყლის რაოდენობა და ხარისხი გავზარდოთ.“ – აღნიშნა დავით ონიაშვილმა.
დავით ონიაშვილი მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების საკითხსაც შეეხო და მისი განმარტებით, გაზიფიცირება პირველივე წლიდან დაიწყო და 9000-10000 ოჯახამდე გაზიფიცირდა და ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს.
„ზერტი, შინდისი, ახალდაბა, ასევე ატენის მხარეს დაიწყო გაზიფიცირება. ეს არის უზარმაზარი სამუშაო. ჩემი ინფორმაციით და ამის დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს გორის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი იქნება გაზიფიცირებული. 2017 წელს მოსახლეობის უმეტესობას ექნება ბუნებრივი აირი და დანარჩენი ნაწილისგაზიფიცირება გაგრძელდება 2018 წელს.
ასევე მიდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია 2017 წელს დაიწყება ხიდისთავში გაზიფიცირების სამუშაოები, რომელსაც კომპანია სოკარი განახორციელებს. ამჟამად ატენში დაწყებულია სამუშაოები და ვფიქრობ ხიდისთავიც იქნება მიბმული“ – აღნიშნა დავით ონიაშვილმა თოქ-შოუ „შესვენების საათში“.