დღეიდან ბორჯომ-ბაკურიანის მატარებლის მოძრაობა შეიზღუდება

852

კომპანია “საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება, მიზეზი კი ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

კომპანიის ინფორმაციით, სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს “ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი“ აწარმოებს და მიზნად მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას ისახავს.

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს დასრულდა. 4 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთი, რომელიც დღემდე მოქმედებს, ბორჯომის სადგურიდან იწყება და დაბის, წაღვერის, ცემის, ტბის, ლიბანის, საკოჭავისა და ბაკურიანის სადგურებს მოიცავს. 1902 წელს, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზაზე სამოძრაოდ, ინგლისიდან ჩამოიტანეს „პორტერის“ ტიპის ორთქლმავალი, ე.წ. კუკუშკა, რომელსაც ღია ტიპის ვაგონებით მგზავრები 65 წლის მანძილზე გადაჰყავდა. 1967 წლიდან, რკინიგზაზე განხორციელებული ელექტროფიკაციის შემდეგ, ორთქლმავალი ელმავალმა ჩაანაცვლა.

2017 წელს ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი კომპლექსური ძეგლის სტატუსი მიენიჭა.