სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ თბილისის საკრებულოს დეპუტატს პროკურატურამ სამსახურში მისვლის ნება არ დართო

842

წინა სტატია

საკრებულოს ბრალდებულ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სამსახურში მისვლისა და უფლებამოვალეობის შესრულების ნება პროკურატურამ არ დართო, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა. კუბლაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჯიშკარიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს.

“ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ილია ჯიშკარიანს თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გარკვეული ვალდებულებები, ელექტრონული ხელმოწერები აქვს განსახორციელებელი და ოფისში უნდა მივიდეს. ჩვენ თავი წინასწარ დავიზღვიეთ, რომ სასამართლოს შეზღუდვა არ დაგვერღვია და წინასწარ მოვითხოვეთ, ილია ჯიშკარიანისთვის ნება დაერთოთ, რომ სამსახურში საქმიან ფარგლებში, თავისი უფლებამოვალეობიდან გამომდინარე განეხორციელებინა კომუნიკაცია, რაზეც პროკურატურისგან უარი მივიღეთ. ჯერჯერობით, ამის საშუალება პროკურატურის მხრიდან არ მოგვეცა. ამით არა მხოლოდ ილია ჯიშკარიანი, არამედ მოქალაქეები ზარალდებიან”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.