ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. მთავრობის მეთაურად ვალერი ბგანბა დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ხაჯიმბა „პრეზიდენტის“ უფლება-მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 9 ოქტომბერს შეუდგა. 10 ოქტომბერს მან „მინისტრთა კაბინეტი“ დაითხოვა.
„ახლად დანიშნულმა პრემიერმინისტრმა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა დაამტკიცოს“,- წერს „ნუჟნაია გაზეტა“.
66 წლის ვალერი ბგანბა მეორედ გახდა „პრემიერმინისტრი“. პირველად ეს თანამდებობა მან 2018 წლის 18 სექტემბერს დაიკავა. მაშინ რაულ ხაჯიმბამ ის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მაშინდელი „პრემიერის“ – გენადი გაგულიას დაღუპვის შემდეგ დანიშნა. ბგანბამ თანამდებობა 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ დატოვა.
ბგანბა აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის სამი მოწვევის წევრიაცა, 2012-2017 წლებში ის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე იყო, 2014 წლის მაისი-სექტემბრის პერიოდში კი დეფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.
დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ რეგიონში 8 სექტემბერს ჩატარდა. არჩევნებში გამარჯვებულად ე.წ. ცესკომ რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა, თუმცა ოპოზიციის კანდიდატმა, ალხას კვიცინიამ არჩევნების შედეგები გაასაჩივრა.