მარტვილის საკრებულოს წევრმა შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა

1336

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა. “თუ ბო…ს” სამსახურში აიყვან, ცალი ფეხი ცდუნებაში გაქვს, მეორე კი ადუღებულ ფისში”, – დაწერა ზურაბ ბიგვავამ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ის წარმომადგენლობითი ორგანოს უპარტიო დეპუტატია.

“ლაივპრესის” კითხვაზე, ეხება თუ არა ეს სიტყვები თამთა თოდაძეს, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ბიგვავა ამბობს, რომ ბევრმა სწორედ ამ ადამიანს დაუკავშირდა პოსტი, რის გამოც ის წაშალა. სინამდვილეში კი, საქმე ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოში ცალკეულ პირებს ეხებათ. თუმცა მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

“თოდაძე აქ რა შუაშია. აქ იგულისხმებოდა ქალიც და კაციც. იმ თემას საერთოდ არ ეხება. სულ სხვა ვიღაცებს ეხებოდა, აქ თანამშრომლებს. სხვათა შორის კაცს და არა ქალს. რა შუაშია კაცია თუ ქალია. ეს თოდაძეს საერთოდ არ ეხებოდა. მე თვითონ მყავს გოგოები შვილები და ვინც არ უნდა იყოს ჯიშკარიანი, თუ ჩემი შვილი, ყველამ პასუხი უნდა აგოს, თუ მართლა დაუმტკიცდა ბრალი”, – განმარტა ზურაბ ბიგვავამ.

თამთა თოდაძესთან დაკავშირებით შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა “ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” დირექტორის მოადგილე ზაზა ფარცვანიამ, იმის მიუხედავად, რომ ის სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მერიამ უფრო ადრე გააფრთხილა.