წინააღმდეგობისა და პროტესტის მიუხედავად, ძველი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, ჩხოროწყუსა და მარტვილში ბიუჯეტი დაამტკიცა.
ოპოციზიცია მოითხოვდა, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ახალი მოწვევის საკრებულოს განეხილა და დოკუმენტი საერთო კონსენსუსის გზით მიეღოთ.
ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრის პროცესი ხმაურით დაიწყო. სხდომის დაწყების დროს დარბაზში ოპოზიციის წევრები შევიდნენ და პროტესტის ნიშნად, სხდომის ჩაშლა ხმაურით სცადეს. ოპოზიციის წევრები აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის პროექტს წინა მოწვევის საკრებულოს წევრებით უყრიდა კენჭს, რაც კანონდარღვევა იყო. ოპოზიციის წევრები დარბაზიდან პოლიციის მეშვეობით გაიყვანეს. საბოლოოდ, ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურის ფონზე დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცება მოსახლეობას ახლად არჩეულმა მერმა მამუკა წოწერიამ მიულოცა. მისი შეფასებით, დღევანდელი გადაწყვეტილება ლეგიტიმურია.
ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა მომავალი წლის ბიუჯეტი ბათუმის საკრებულომაც. ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი 252 მილიონ ლარს შეადგენს. ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი საკრებულოს 25 დეპუტატიდან 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ წინა მოწვევის საკრებულოს არ აქვს უფლება ბიუჯეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. ამასთან, სხდომის მიმდინარეობისას ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ სპეციალური ნივთიერება გაუშვა, რის გამოც სხდომა შეწყდა და დეპუტატებს დარბაზის დატოვება მოუწიათ. ქადამაძეს საკრებულოს ტერიტორია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
ხმაური იყო მარტვილის საკრებულოს სხდომაზეც, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტი განიხილებოდა. ოპოზიციის წევრების შეფასებით, ხელისუფლებას ბიუჯეტი საკუთარ საჭიროებებზე აქვს მორგებული და ის მოსახლეობისთვის არავითარ სარგებელს არ მოიტანს.
რიგგარეშე სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომაც. დოკუმენტი 10 მილიონ 604 ათასი ლარით განისაზღვრა.