მარტვილის N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

497

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარტვილის N1 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. სკოლა 421 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 3,3 მილიონი ლარით დაფინანსდა.

განახლებული სკოლა ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

ძველ სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტის განხორციელების შედეგად, ბავშვები სწავლას კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელებენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში, 77 ახალი სკოლის მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია დაასრულა.

საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო.