ქვემო ქართლის მხარის მუნიციპალიტეტებში, თანამდებობის პირების ნაწილს, დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული. კერძოდ, ისინი ფლობენ კომპანიებს, თუმცა ინფორმაცია დეკლარაციაში არ აქვთ ასახული; ასევე, კუთვნილი კომპანიების წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვთ გადაცემული. შესაბამის კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.
კვლევის თანახმად,ემო ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების 30-ზე მეტი დეკლარაციიდან დარღვევები 11-ში გამოვლინდა, მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 9 ფაქტი, საკუთარი წილის სხვა პირისთვის გადაუცემლობის 10 და თანამდებობასთან შეუთავსებელი
საქმიანობის 4 შემთხვევა.
ქვემო ქართლის მხარის მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირთა ბიზნესინტერესები, არასრულად შევსებული დეკლარაციები და შეუთავსებელი საქმიანობა ასე გამოიყურება:
რუსთავის მუნიციპალიტეტში, ირაკლი ტაბაღუას, რუსთავის მერს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, მისი მეუღლე მაია დალაქიშვილი არის შპს „ლაზარეს” 10% წილის მფლობელი.
რუსთავში, გოჩა ლორიას, რუსთავის მერის მოადგილეს – 2018 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს „ჯორჯიან მეტალ ინვესტის” 30% წილისა და შპს „ჯი.აი.ჯი. გრუპის” 33.33% წილის მფლობელი. გოჩა ლორიას დეკლარირებული აქვს, რომ შპს „ლოგო+”-ს 100% წილის მფლობელია, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ გადაუცია.
ისევ რუსთავში, ბესიკ ტოგონიძეს, რუსთავის მერის მოადგილეს – 2019 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის შპს „ფიტოფორს გრუპის” 16.5% წილის მფლობელი, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილი მართვის
უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, დავით ჭანტურიას, გარდაბნის მერის პირველი მოადგილეს – 2018 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს „ჯი ბი ჯის” 50% წილის მფლობელი და დირექტორი.
ისევ გარდაბანში, რევაზ ეგაძეს, გარდაბნის მერის მოადგილეს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის შპს „ზანეტის” 100% წილის მფლობელი, თუმცა კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, დღემდე აღნიშნული შპს-ს დირექტორად რჩება და არც საკუთარი წილი აქვს სხვა პირისთვის მართვის უფლებით გადაცემული.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დავით შერაზადიშვილს, ბოლნისის მერს – 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ შპს „სბ და კოს”, ასევე შპს „გეოლოქის” მეწილეა, თუმცა კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები
მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული. დავით შერაზადიშვილს დეკლარირებული აქვს, რომ მეუღლე თამარ შერაზადიშვილი შპს „უნივერსის” წილის
მფლობელია, თუმცა დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე ასევე ფლობს შპს „შალოურის” 60% წილს.
მარნეულში ზაურ ტაბატაძეს, მარნეულის მერის პირველ მოადგილეს – 2019 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი არის შპს „ლომთაგორა 2000”-ის 22% წილის მფლობელი. ზაურ ტაბატაძეს დეკლარირებული აქვს, რომ იგი ფლობს წილებს შპს „ჯიშსაშენსა” (14.28%) და შპს „მეზონინში” (30%), თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.
ისევ მარნეულში, ამირან გიორგაძეს, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს – 2019 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ შპს „გიგა 2”-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორი, ასევე, შპს „ექსპრესი 2005”-ის 16% წილის მფლობელია.
ამირან გიორგაძეს დეკლარირებული აქვს, რომ „მარნეული ტრანსი 2009”-ის 16.67% წილის მფლობელია, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.
ისევ მარნეულში, მამუკა ნავერიანს, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს – 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს „ალგეთი I”-ის 33% წილის და შპს „საფეხბურთო-სპორტული კლუბი ალგეთის” 33% წილის მფლობელი.
მამუკა ნავერიანს, ასევე, არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მეუღლე, თინათინ სამხარაძე ფლობს შპს „ბაზრის” 20% წილს.
წალკის მუნიციპალიტეტში ანზორ ხინიკაძეს, წალკის მერის პირველი მოადგილეს – 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ შპს „აჭარას” 35% წილის მფლობელია, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული. ანზორ ხინიკაძეს, ასევე, არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მეუღლე, თამარ მიქელაძე შპს „ჯი თი აის” 100% წილის მფლობელი და დირექტორია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, თბილისის მიღმა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.
მონიტორინგის შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 56 ფაქტი, კომპანიებში კუთვნილი წილის სხვა პირისთვის მინდობით გადაუცემლობის 56 შემთხვევა, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 16 ფაქტი. ამასთან, 5 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ.