გურჯაანში სკვერისა და დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დაიწყო

827

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში სკვერისა და დასასვენებელი პარკის მოწყობა დაიწყო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია.

მათივე ცნობით, პროექტი პარკის ტერიტორიაზე მდებარე, ქართული წარმომავლობის ცნობილი გენერლის ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებს. ასევე, დაგეგმილია პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონების, ბავშვთა ატრაქციონების, საზაფხულო კინოთეატრის და ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები და სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები. გარდა ამისა, გათვალისწინებულია განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების და ბორდიურების, სკამების, სანაგვე ურნების და მწვანე საფარის მოწყობა.

“პროექტის დასრულების შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტს სრულად კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ და კულტურულ სივრცეებად დაიყოფა და საზოგადოების თავშეყრის და სპორტულ-კულტურული ღონისძიებების ჩატარების საკმაოდ აქტიური ადგილი გახდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.