საია “ნარიყალასთვის” მიწის გადაცემის საკითხის ხელახლა შესწავლას ითხოვს

651

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შპს “ნარიყალასთვის” მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის საკითხის ხელახლა შესწავლას ითხოვს. საქმე ეხება 2008 წელს გორგასლის 3-ში ტერიტორიის კერძო მესაკუთრისთვის გადაცემას. ორგანიზაციამ საქმის დეტალები შეისწავლა და ხარვეზები გამოავლინა.

კვლევის მიხედვით, გასხვისებული ტერიტორია სკვერის ნაწილსაც მოიცავს, რაც საჯარო სივრცეა და კანონმდებლობის მიხედვით, კერძო საკუთრებაში გადაცემას არ ექვემდებარება; კერძო მესაკუთრეს თანხა არ გადაუხდია; ქონების გადაცემის გაბათილების მოთხოვნა საკრებულოში 2016 წელს შევიდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარალელს ავლებს ზვიად ნაზღაიძის საქმესთან და მოუწოდებს საკრებულოს, ხელახლა შეისწავლოს საქმე და მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება:

“1. კომისიამ 2008 წელს შპს “ნარიყალას” უსაფუძვლოდ უღიარა საკუთრებაში თბილისში, გორგასალის 3-ში არსებული მიწის ნაკვეთი;
2. სავარაუდოდ, შპს “ნარიყალამ” არ შეასრულა კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება (საფასურის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარდგენა);
3. კომისიის მიერ შპს “ნარიყალასთვის” საკუთრებაში აღიარებული მიწის ნაკვეთის ნაწილი საჯარო სივრცეს – სკვერს წარმოდგენს. კანონმდებლობა ამ სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების შესაძლებლობას არ იცნობს;
4. 2016 წლის ივნისში თბილისის საკრებულოსთვის ცნობილი გახდა შესაძლო უკანონობა, მაგრამ არ მიიღო ახალი გადაწყვეტილება”.

წყარო: იმედინიუსი