ბორჯომის მუნიციპალიტეტმა განხორციელებული სოციალური პროგრამების ანგარიში გამოაქვეყნა

795

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ნახევარი წლის განმავლობაში განხორციელებული სოციალური პროგრამების ანგარიში გამოაქვეყნა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2017 წლის 6 თვის მონაცემებით, გამგეობის მიერ მოქალაქეთა დასაფინანსებლად 563 474 ლარია დახარჯული. ჯამში დახმარება 2 904 მოქალაქემ მიიღო.

გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, აღნიშნული თანხიდან 252 012 ლარი მოქალაქეთა სტაციონარულ მომსახურებას მოხმარდა, ბენეფიციართა მედიკამენტოზური მკურნალობა კი 85 962 ლარით დაფინანსდა.

გარდა აღნიშნულისა, დახმარება გაეწია 4 და მეტ შვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, გამოჩენილ ადამიანებს, ახალდაქორწინებულებს, ახალშობილებს, 100 წელს გადაცილებულ პირებს, დედ–მამით ობოლ ბავშვებს.

16 სოციალური პროგრამა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვლისწინებს დახმარება გაუწიოს როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ისე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს.

ადგილობრივი ხელისუფლებისათვის მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამას გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პროგრამების წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი