ახალციხეში მთავარი გზის რეაბილიტაციის გამო სოფელ ურაველში ნაკვეთებამდე მისასვლელი გზა ჩახერგილია

1074

ახალციხეში, სოფელ ურაველში ექვსი ოჯახი მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელი გზით ვეღარ სარგებლობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნაკვეთებამდე მისასვლელი, ცენტრალური გზის რეაბილიტაციის დროს ჩაიხერგა, აქ მშენებელმა კომპანიამ ინერტული მასალა დაყარა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სოფელ ურაველში მცხოვრებლების თქმით, უკვე თვეზე მეტია, ნაკვეთებიდან მოსავლის გამოტანა ხელით უწევთ.

„რამდენჯერმე ვიკითხე, როდის გაასწორებენ–მეთქი. პასუხი სულ ერთი და იგივეა – მალე. უკვე თვეზე მეტია, შეიძლება ორ თვეზეც, რაც ასეა. მალე კი როდის მოვა, არ ვიცით“, – ამბობს ვალოდია ანთარიანი.

მისი თქმით, გზა რაც შეიძლება მალე უნდა გაიწმინდოს: „შემოდგომაა, ახლა იღებს ყველა მოსავალს. დაბინავება ხომ უნდა? ხელით რამდენი უნდა ზიდოს ხალხმა? კი გააკეთებენ, მაგრამ როდის?“

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში მოსახლეობის პრობლემის შესახებ იციან. მათი თქმით, ამ საკითხმა თათბირზეც გაიჟღერა, თუმცა ზუსტი დრო, როდის შეძლებენ ურავლელები ნაკვეთებამდე მისასვლელი სამანქანო გზით სარგებლობას, უცნობია.

„საქმის კურსში ვართ, უახლოეს მომავალში აუცილებლად გაკეთდება, მოსახლეობასაც ვუთხარით ამის შესახებ“, – ამბობს ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გელვასი გელაძე.

აგარის მონასტრამდე მისასვლელ გზას, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, „მშენებელი 2012“ აშენებს. „სამხრეთის კარიბჭემ“ სცადა კომპანიასთან დაკავშირებაც, თუმცა – უშედეგოდ. ნომერი, რომელიც დოკუმენტებშია მითითებული, არასწორია.