ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო ღონისძიებებისთვის 24 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ამ თანხით სცენა უნდა მოეწყოს და გახმოვანებისა და განათების აპარატურა დამონტაჟდეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება ბორჯომსა და ბაკურიანში 30 დეკემბერს უნდა მოეწყოს. სექტემბერში ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადებას, ბორჯომის მერიაში ნაკლებ ფინანსურ დანახარჯებს უკავშირებენ. მათი მქმით, საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის აპარატურისა და სცენის მომსახურების შესყიდვა ახლა გაცილებით იაფი დაუჯდებათ, ვიდრე ზამთარში.
“ამ ეტაპზე გაცილებით იაფია აპარატურა. ახალი წლისთვის დაკავებულია ტექნიკა და ფასებიც გაორმაგებულია. წინა წლებთან შედარებით, ბევდად იაფი დაგვიჯდება ახალი წლის ორგანიზება“, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ.
ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადებების მიღება პირველ ოქტომბერს იწყება და ოთხ ოქტომბერს 15:00 საათზე დასრულდება.