ზუგდიდის მერიას დაქვემდებარებულ “კეთილმოწყობის ცენტრიდან” 40 თანამშრომელი დაითხოვეს. ინფორმაცია “ლაივპრესს” ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ფაცაციამ დაუდასტურა. მისი თქმით, მოხდა შტატების შემცირება და საქმიანობას 251 თანამშრომლით განაგრძობენ.
“რეორგანიზაციას უკავშირდება. ოთხი მოადგილე მყავდა და ორის შტატიც გაუქმდა. დანარჩენთაგან ზოგი ადმინისტრაციის თანამშრომელია. არიან გარეთა კეთილმოწყობის სამუშაოებზე დასაქმებულებიც”, – აცხადებს დიმიტრი ფაცაცია.
დირექტორი ამბობს, რომ რეალურად ამდენი ადამიანი ცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო არ იყო და დარჩენილი თანამშრომლებითაც იგივენაირად განაგრძობენ საქმიანობას.
უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფის დასკვნას, რომელიც ააიპ-ების მუშაობას სწავლობს, აღნიშნა, რომ არა:
“არა, ეს იყო მერიის ბრძანება. მე შიდა ბრძანება გამოვეცი”.
იგეგმება თუ არა მომავალშიც შტატების შემცირება, თქვა, რომ ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.