ახალციხის ციხიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მაია მამულაშვილმა, ციხის ადმინისტრაციას სასამართლო მოუგო. განჩინების მიხედვით იგი სამსახურში უნდა აღდგეს და განაცდური აუნაზღაურდეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 20 სექტემბერს, 12:00 საათზე გამოცხადდა.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშილის გადაწყვეტილებით, ციხიდან გათავისუფლებული მაია მამულაშვილის საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა – იგი სამსახურში უნდა აღდგეს და იძულებითი განაცდურიც აუნაზღაურდეს.
“სასამართლო განხილვისას, მოპასუხე მხარემ კონკრეტულად ვერ დაასახელა მიზეზი, რატომ გაათავისუფლა თანამშრომელი. მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არადამაჯერებელი იყო. ამიტომ მათ უნდა აღასრულონ გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთში მამულაშვილის თანამდებობა აღარ არსებობს. ეს ციხის ადმინისტრციამ უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმით აღასრულებს“, – განაცხადა მარიკა ჩიტაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტებისას.
ახალციხის ციხის დირექტორისთვის, დავით ტაბატაძისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, მარიკა ჩიტაშვილმა მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო და ამას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
“არ ვაპირებ მამულაშვილის აღდგენას სამსახურში. გავასაჩივრებ და ზუსტად ვიცი, მოვიგებ, რადგან, მიკერძოებული გადაწყვეტილება იყო და ეს წინა სხდომაზეც გამოიკვეთა, მოსამართლემ ჭკუის სწავლება რომ დამიწყო, როგორ უნდა მოვქცეულიყავი“, – ამბობს დავით ტაბატაძე.
კითხვაზე, რა უნდა გამხდარიყო საქმეში მოსამართლის მიკერძოების მიზეზი, ტაბატაძე ამბობს, რომ ჩიტაშვილისა და მამულაშვილის ოჯახებს ახლო მეგობრობა აკავშირებს: “წინა ხელისუფლების პერიოდში ორივეს მეუღლეები საგამოძიებო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდნენ და ახლო მეგობრობა აკავშირებთ“.
“ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციამ რეორგანიზაცია 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ხუთ აპრილს დაასრულა. ა(ა)იპ–ში ჯამში ხუთი სამსახური დარჩა, სადაც 74 თანამშრომელია დასაქმებული. ესენია: ადმინისტრაციის სამსახური, ტურიზმისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, საფინანსო სამსახური და უსაფრთხოების სამსახური.