ბორჯომში, ბუნების შემეცნებით ბილიკზე ანუ ე.წ „შვიდბილიკაზე“ ახლადდადგმული დაფები დააზიანეს. ინფორმაციასა და ფოტოებს ამის შესახებ ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს.
ბილიკზე, რომელიც ბორჯომის პარკიდან იწყება და პლატოს ტერიტორიამდე გრძელდება, განთავსებული იყო საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფები, ასევე მოწყობილი იყო მოაჯირები უსაფრთხოების მიზნით და დასასვენებელი სკამი. აღნიშნული სკამი და საინფორმაციო დაფა ადგილიდან მოთხრილი დახვდა “ნაკრესის” საველე ოფიცერს ჯონი კევლიშვილს, რომელიც ამ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.
„შვიდბილიკაზე“, საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფები, მოაჯირები, და დასასვენებელი სკამი, NACRES-მა, სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრთან პარტნიორობით, ეკოგრანტების პროგრამის ფარგლებში, BP-ის დაფინანსებით, გასულ თვეში განათავსა.
ინფრასტრუქტურის მოწყობით, ბილიკს მიეცა ახალი დატვირთვა. გარდა გასეირნებისა, აქ შესაძლებელია გაეცნოთ ინფორმაციას ბორჯომის ფლორასა და ფაუნას შესახებ, ასევე – ბუნებაში ქცევის წესებს.
„ბორჯომის“ ინფორმაციით, დაზიანებული ინფრასტრუქტურა NACRES-ის წარმომადგენლების მიერ უკვე აღდგენილი და მოწესრიგებულია. მისი წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ვანდალიზმისგან და გაუფრთხილდნენ არსებულ ინფრასტრუქტურას.