ანაკლია-განმუხურის ხიდის რეკონსტრუქცია დაიწყო

1109

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდს რეკონსტრუქცია უტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2-3 დღეში დასრულდება. როგორც  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მამუკა წოწერიამ განაცხადა, რეკონსტრუქციის ფარგლებში შეიცვლება ხიდის სავალი ზედაპირი, მის ქვეშ არსებული საიზოლაციო ნაწილი. განახლდება ასევე ხიდის მოაჯირი.

მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ხიდზე უკვე განთავსდა სათვალთვალო ვდეოკამერები, რომლის საშუალებითაც ონლაინ რეჟიმში გაკონტროლდება ხიდზე მოძრავი სუბიექტები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „ანაკლია-განმუხური რესორტს“, რომლის მფლობელობაშიც არის ხიდი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოეყო 350 ათასი ლარი. მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ განაცხადა, რომ თანხა შპს-მ უნდა გამოიყენოს როგორც ხიდის რეკონსტრუქციისთვის ისე საკურორტო სეზონის სხვა მოსამზადებელი სამუშაოებისთვის.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 ივლისის დადგენილებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა განმუხურის საფეხმავლო ხიდი, რომელსაც გამგეობის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით გასულ წელს ჩაუტარდა გარკვეული სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ძირითადად ის მოიცავდა განათების მოწყობას. მოგვიანებით ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი უზუფრუქტის ფორმით მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილის მფლობელ შპს „ანაკლია-განმუხური რესორტს“ გადაეცა.

წყარო: ლაივპრესი