ზუგდიდის მერიამ ახალი სტრუქტურით მუშაობა დაიწყო

562

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მუშაობა ახალი სტრუქტურით – 10-ის ნაცვლად 9 სამსახურით, 37 შემცირებული საშტატო ერთეულითა და 24-ით ნაკლები კადრით დაიწყო. მერიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ირაკლი ამანათიძის ინფორმაციით, გათავისუფლებული თანამშრომლები რეზერვში გადავიდნენ.

“24 ადამიანი საჯარო მოხელეთა რეზერვში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოიძახებენ საჭიროებისამებრ, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ღია, ასევე, დახურულ კონკურსებში. ამასთან, მერი აკეთებს ყველაფერს, რომ ეს გათავისუფლებული თანამშრომლები კვალიფიკაციის მიხედვით დასაქმდნენ, მათ შორის, პირველ რიგში ააიპ-ებსა და შპს-ებში”, – აღნიშნა ამანათიძემ.

ვაკანტურია ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და არქიტექტურული სამსახურის, ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის, ასევე ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პოზიციები. ამანათიძე განმარტავს, რომ მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტებზე ღია კონკურსი გამოცხადდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის მიერ შემუშავებული სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტი 25 ივლისს დაამტკიცა, რის მიხედვითაც, 12 სექტემბრიდან მერია ათის ნაცვლად ცხრა სამსახურით იმუშავებს. გაუქმდა ან ერთმანეთს შეუერთდა რამდენიმე განყოფილება. პარალელურად, 171 ათასი ლარით შემცირდა სახელფასო ფონდი, თუმცა, ამავე დროს, პროფესიულ საჯარო მოხელეებს ხელფასები 50-დან 300 ლარამდე თანხით გაეზარდათ.