ახალციხეში, სოფელ თისელში არსებულ სამონასტრო კომპლექსში, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 2020 წლიდან კი კომპლექსის სრული სკანირება მოხდება და რეაბილიტაციის პროექტი მომზადდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
თისელის სამონასტრო კომპლექსზე სარესტავრაციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დააფინანსებს.
“2020 წლიდან დაიწყება გადაუდებელი საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაობი. პროგრამა სამ წელიწადში დასრულდება“, – ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.
მისივე განმარტებით, 2017 წელს თისელის დარბაზული ტაძრის მხატვრობის გადასარჩენად ტაძარზე დროებითი სახურავი მოეწყო და ასევე, დროებით გამაგრდა კედლის მხატვრობა.
სოფელ თისელიდან, დაახლოებით, კილომეტრ-ნახევარში, მდინარის მარჯვენა ნაპირას დგას გუმბათიანი ეკლესიის ნანგრევი. მისი დასავლეთ ნაწილი მთლიანად დანგრეულია. ქვის პერანგი შემოძარცულია. გადარჩენილი ნაწილების მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია საგრძნობლად შეუკეთებიათ. მისი გუმბათი შენობის სხვა ნაწილთაგან განსხვავდება, იგი აგურით და დამუშავებული ქვით არის ნაგები. სხვადასხვა დროინდელი ფენები ირჩევა შენობის ქვემო ნაწილებშიც.
თისელის გუმბათოვანი ეკლესიის შესახებ წერილობითი საბუთები არ მოიპოვება, მაგრამ შენობის გეგმისა და ხუროთმოძღვრული თავისებურებათა მიხედვით, იგი XIV საუკუნის მიწურულში, ან XV საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული.
გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთით, კლდის ქიმზე, ციხის ნანგრევია, ხოლო ხეობის სიღრმეში, ოციოდე წუთის სავალზე – მეორე, უგუმბათო ეკლესია და მასთან დაკავშირებულ შენობათა მთელი კომპლექსი.
ეს კუთხე ერთ-ერთი ულამაზესთაგანია მთელს სამცხეში.
გუმბათიანი ეკლესიის ზემოთ ხეობა ვიწროვდება, ტყე გზამდე ჩამოდის. შემდეგ ხეობა ორად იყოფა და იქვე, მარცხენა ხეობის დასაწყისში, სადაც მოპირდაპირე კლდეები დიდად უახლოვდება ერთმანეთს, მოულოდნელად გამოჩნდება ახლახან ნახსენები უგუმბათო ეკლესია.
გარედან ეკლესიას არავითარი მორთულობა არა აქვს, შიგნით კი მოხატულია. მხატვრობის გარჩევა ახლაც კარგად შეიძლება. თისელის უგუმბათო ეკლესიაც აგრეთვე XIV-XV საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. როგორც ჩანს, აქ მონასტერი იყო.