ქალაქ ზესტაფონის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციაზე ზესტაფონის მერიამ ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია “ბილდმორთან“ გააფორმა. კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულებით სარეკონსტრუქციო სამუშაოები 80 დღეში უნდა დაასრულოს.
“სამშენებლო კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დაიწყო. სახელშეკრულებო ვალდებულების მიხედვით, შპს “ბილდმორი“ ცენტრალურ მოედანზე 557 177 ლარის სამუშაოებს შეასრულებს. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება”, – განმარტავენ ზესტაფოის მერიაში.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, ცენტრალურ მოედანზე ავტოსაგზაო კვანძის გაუქმების გარეშე, დასასვენებელი პარკი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა ტიპისა და სტრუქტურის ინვენტარი განთავსდება. ამასთან, დამონტაჟდება განათების სისტემა, ხოლო ახალი სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ცნობისთვის, ზესტაფონის მერიამ ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციაზე ტენდერი პირველად 2018 წელს გამოაცხადა და მასში შპს “ნიკარემსტროიმ“ გაიმარჯვა, რომელსაც სატენდერო პირობების გათვალისწინებით, კეთილმოწყობის სამუშაოები 2019 წლის აპრილის თვეში უნდა დაესრულებინა. თუმცა კომპანიამ ვერც 2-თვიანი ვადის გაგრძელების შემდეგ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რის გამოც ზესტაფონის მერიამ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა. ამის შემდეგ, 2019 წლის აგვისტოს თვეში, მოედნის რეაბილიტაციაზე ტენდერი თავიდან გამოცხადდა, მაგრამ არ შედგა. ყოველივე ამის შემდეგ კი, 2019 წლის 23 აგვისტოს მერიამ გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულება შპს “ბილდმორთან“ გააფორმა.