არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გადაწყვიტა, საოლქო საარჩევნო კომისიებს იმ თვითმმართველ ქალაქებში დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე მიმართოს, რომელსაც ხელისუფლება აუქმებს. ამის შესაძლებლობას ორგანიზაციებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აძლევთ, რომლის მიხედვითაც, შვიდივე თვითმმართველ ქალაქში საარჩევნო ოლქები და საოლქო საარჩევნო კომისიები შეიქმნა.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება 7 თვითმმართველ ქალაქს აუქმებს, ამ ქალაქებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ოლქებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების შექმნა მოუწია, ვინაიდან სხვაგვარად ის საარჩევნო კოდექსს დაარღვევდა.
პარლამენტის დადგენილება ქალაქების გაუქმების შესახებ აგვისტოს ბოლოს იმ დღიდან ამოქმედდება, როცა არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადდება. მანამდე კი ეს ქალაქები, ისევე, როგორც ამ ქალაქებში შექმნილი საარჩევნო ოლქები და საოლქო კომისიები, მოქმედია.
“საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა” ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა განცხადებით ქალაქ ოზურგეთის საარჩევნო ოლქში დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრირების თაობაზე. ანალოგიური განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციამ “ცენტრი მომავლის ინიციატივები” მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიას და ქალაქ მცხეთის საარჩევნო ოლქში რეგისტრაცია მოითხოვა.
“საარჩევნო კოდექსის” მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, “რეგისტრაციაში გატარების მიზნით, ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა და უნდა წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას”.
საარჩევნო კომისიამ, კოდექსის მიხედვით, განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხი. მას უფლება არა აქვს, დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. საარჩევნო კანონმდებლობითვე, თუ კომისია უარს ეტყვის დამკვირვებელ ორგანიზაციას რეგისტრაციაზე, მან ეს გადაწყვეტილება განკარგულებაში უნდა დაასაბუთოს.
დაარეგისტრირებენ თუ არა ოზურგეთისა და მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიები დამკვირვებელ ორგანიზაციებს, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. თუ დაარეგისტრირებენ, გამოდის, რომ კომისიებმა არასამთავრობოებს თანხმობა იმ ოლქების დაკვირვებაზე უნდა უთხრან, რომლებიც 2 თვეში აღარ იარსებებს. თუ კომისიები რეგისტრაციაზე უარს იტყვიან, ისინი კანონს დაარღვევენ, ვინაიდან არ არსებობს არანაირი არგუმენტი იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციებს საარჩევნო კოდექსით მინიჭებული უფლება შეუზღუდონ.