ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთობ კურიოზულ ვითარებაში აღმოჩნდა – იმ თვითმმართველ ქალაქებში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი დადგენილებით აუქმებს, საარჩევნო ოლქები შექმნა. ამის მიზეზი საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ვადებია, რომელსაც ცესკო, ცხადია, ვერ დაარღვევდა. სწორედ ამ ვადებიდან გამომდინარე, კომისიამ გუშინ, 27 ივნისს, გამოსცა განკარგულება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქების შექმნის, მათი საზღვრების, სახელწოდებებისა და ნომრების განსაზღვრის თაობაზე.
განკარგულებით, საარჩევნო ოლქები ცალ-ცალკე შეიქმნა თვითმმართველ ქალაქ გორსა და გორის თემის მუნიციპალიტეტში, თვითმმართველ ქალაქ ოზურგეთსა და ოზურგეთის თემის მუნიციპალიტეტში, თვითმმართველ ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტში, თვითმმართველ ქალაქ თელავსა და თელავის თემის მუნიციპალიტეტში, თვითმმართველ ქალაქ ახალციხესა და ახალციხის თემის მუნიციპალიტეტში, თვითმმართველ ქალაქ ამბროლაურსა და ამბროლაურის თემის მუნიციპალიტეტში, თვითმმართველ ქალაქ მცხეთასა და მცხეთის თემის მუნიციპალიტეტში.
პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება ამ ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოცხადების დღეს ამოქმედდება. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ, ოფიციალურად, არჩევნების თარიღს აგვისტოს ბოლოს გამოაცხადებს.
რა მოხდება მანამდე იმ ოლქებში, რომელშიც, საბოლოო ჯამში, ამომრჩევლები მერებს/გამგებლებსა და საკრებულოს წევრებს აღარ აირჩევენ? ექსპერტი საარჩევნო საკითხებში, ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ ცესკოს სხვა გზა არ ჰქონდა და ეს ოლქები უნდა შეექმნა. უფრო მეტიც, ამ ორი თვის განმავლობაში, სანამ პარლამენტის დადგენილება ძალაში შევა, მას ამ ოლქებში საარჩევნო კომისიების შექმნა და გარკვეული ადმინისტრაციული ხარჯების გაწევაც მოუწევს.
“რა უნდა ექნა ცესკოს? ერთი მხრივ, საარჩევნო კოდექსი ავალებდა, მეორე მხრივ კი, დადგენილება ამოქმედებული არ არის. მხოლოდ ეს კი არა, მას აგვისტომდე მოუწევს, შექმნას საარჩევნო კომისიები, აიყვანოს თანამშრომლები, ბიუჯეტიდან გასწიოს ხარჯები. შემდეგ უკვე, როცა მარგველაშვილი არჩევნების თარიღს გამოაცხადებს, რა გამოვა, რომ, როგორც მინიმუმ, 2 თვე ბიუჯეტიდან არაფრისთვის დაიხარჯა თანხა?” – კითხულობს ალაფიშვილი.
ექსპერტს, ასევე, აინტერესებს, თუ პოლიტიკური პარტია აგვისტომდე იწყებს საარჩევნო კამპანიას, სად უნდა წარადგინოს მან კანდიდატი – ქალაქში თუ თემში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ირმა პავლიაშვილი კი ამბობს, რომ, თუ რომელიმე პარტია ამ კონკრეტულ ოლქში დარეგისტრირდება, ცესკო, მისი გაუქმებით, პასიურ საარჩევნო უფლებას შეზღუდავს.
“საარჩევნო კოდექსი ამბობს, რომ ის პარტია, რომელსაც წარმომადგენლები არ ჰყავს პარლამენტში, უნდა დარეგისტრირდეს საარჩევნო წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე. გამოდის რომ, თეორიულად, ამ დროისთვის შეიძლება უკვე ვიღაც რეგისტრირებულო იყოს კონკრეტულ ოლქში, ან დარეგისტრირდეს და შემდგომ მისთვის ოლქის გაუქმება პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა იქნება”, – აცხადებს ირმა პავლიაშვილი.
საინტერესოა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ კურიოზული ვითარებით რომელიმე პოლიტიკური პარტია ისარგებლებს და კონკრეტულ ოლქში ცესკოს რეგისტრაციისთვის მიმართავს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო, ან რა მოხდება მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება ამოქმედდება.