აბასთუმანში საუკუნოვან გოგირდის აბანოს რესტავრაცია უტარდება

1467

აბასთუმანში წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი გოგირდის აბანოს რესტავრაცია უტარდება. სამუშაოებს უძრავი ქონების მართვისა და განვითარების კომპანია “რედიქსი“ აწარმოებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სარესტავრაციო სამუშაოები ერთი წელია დაიწყო და 2020 წლის ბოლოს დასრულდება.

მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების გამო გოგირდის აბანოები და მიმდებარე ტერიტორია დამცავი ლენტითაა შემოსაზღვრული. გარდა ამისა, პარკითაა შეფუთული და ხარაჩოებშია მოქცეული გოგირდის აბანოს ეზოს მშვენება – შადრევანი. პროექტის ფარგლებში, აუზისა და შადრევნის რესტავრაციაცაა დაგეგმილი.

როგორც “რედიქსში“ აცხადებენ, შენობას რესტავრაციის შემდეგ პირვანდელი სახე დაუბრუნდება.

“გარედან ძველი იერსახე შეუნარჩუნდება. სამუშაოები რესტავრატორ დავით ნინიძის ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს. არის ისტორიული ფოტო–მასალა, გამოკვლევებიც და იმის მიხედვით გაკეთდება ყველაფერი“.

სარესტავრაციო სამუშაოები სახურავის შეცვლას, შენობის მიწისგან გაწმენდას (შენობას მთლიან სირგძეზე აქვს სარდაფი და სარდაფის ფანჯრები ნახევრად ჩანდა), შენობის ერთ ნაწილში მეტალო–პლასტმასია ჩასმული, რომელიც მოიხსნება, გაკეთდება საათიც.

“აქ არის გოგირის წყლის ორი ჭაბურღილი. აბანოს ნომრების რაოდენობა არ ვიცით. რა და როგორ დაფიქსირდება ვერ გეტყვით. ზოგი ოთახი გადიდდება. გაკეთდება ვინტილიაცია“, – ამბობს „რედიქსის“ წარმომადგენელი.

აბანოს შენობის მთელი კომპლექსის მშენებლობის პერიოდად 1880-იან წლებს ვარაუდობენ. შენობა ევროპული ყაიდაზეა აშენებული.