მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანთკარში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანადირთკარში სასმელი წყლის სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ.
წყლის სისტემების განახლება ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის „LDS Charities” დაფინანსებით მოხდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით. პროექტის ჯამური ღირებულება 330 000 ლარს აჭარბებს.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილები და წყალშემკრები ავზი, განხორციელდა სასმელი წყლის სისტემის დაქსელვითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულების შედეგად, სოფლებში წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრა.
ამერიკულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ მხარდაჭერით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში წყლის პროექტები უკვე 11 დასახლებაში განახორციელა.