ახალციხეში ნათენაძის, კოსტავასა და კეცხოველის ქუჩებზე ხეების ძირთან ასფალტი იმდენად მჭიდროდაა დაგებული, რომ წვიმის წყალი ფესვებამდე ვერ ჩადის. სავარაუდოდ, ამის გამო, რამდენიმე ხე უკვე გახმა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
კოსტავასა და ნათენაძის ქუჩებზე ხეების ხმობის მიზეზი სავარაუდოდ უწყლობაა.
“მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის თქმით, მსგავსი მოასფალტება, ადრე თუ გვიან, ხეებს აუცილებლად გაახმობს: “ვერ წარმომიდგენია, მსგავსი სისულელე ვის მოაფიქრდა?! ხეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარშემო მიწა, სუნთქვისთვის და შემობარვისთვის. ასფალტი აუცილებლად უნდა ამოითხაროს“.
ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ინფორმაცია არ აქვთ როდის მოასფალტდა აღნიშნული ქუჩები: “დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ბოლო ოთხ წელიწადში არ მოასფალტებულა”
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლი, შოთა მერაბიშვილი ირწმუნება, რომ ხეების ძირში ასფალტს უახლოეს მომავალში ამოჭრიან: “ამ ქუჩებზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს და ხეებთანაც ასფალტს მოვანგრევთ, ნაპირი კი ბორდიურით მოპირკეთდება“.