ციხელაშვილის უწყება: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები უმაღლესი განათლების გარეშე არ დარჩნენ

1072

წინა სტატია

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები არცერთი ახალგაზრდა უმაღლესი განათლების გარეშე არ დარჩეს”, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაცხადეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

უწყების განცხადებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საოკუპაციო რეჟიმის მიერ მდინარე ენგურზე ე.წ. გადასასვლელის დაკეტვის მომენტიდან ამ დრომდე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს.

“სხვადასხვა არხის, მათ შორის პირდაპირი კავშირებით მუშაობის შედეგად სრული იზოლაციის პირობებში მოხერხდა ის, რომ ყველა პირი რომელსაც ჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, არიან პენსიონერები, ასევე აბიტურიენტების უმრავლესობა, გადმოსულია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდების ნაწილმა უმძიმესი გზა გაიარა რომ რუსული ბარიერები დაეძლია”, – აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, ყველა მათგანთან, მათ შორის დაშავებულ ახალგაზრდასტან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ასევე ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს.

“და საჭიროების შემთხვევაში მას სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი დახმარება გაეწევა. ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, აბიტურიენტებს ოკუპირებული აფხაზეთიდან საგამოცდო პროცესში ჩართვის საშუალება მიეცათ. ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 იმყოფება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და მონაწილეობს საგამოცდო პროცესში.

აქვე ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში არცერთ ახალგაზრდას ოკუპირებული რეგიონებიდან არ დავტოვებთ უმაღლესი განათლების გარეშე. მათთვის უკვე მუშაობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა რომელიც ზუგდიდსა და თბილისში უფასო მოსამზადებელ ცენტრებში სწავლას, უფასო საცხოვრებელს და 150 ლარიან სტიპენდიას გულისხმობს. ყველა ის ახალგაზრდა რომელიც ამ ცენტრებში სწავლობს და ისწავლის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში. სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას, რათა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს, მათ შორის ეს საკითხი განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე 48-ე რაუნდზე”, – წერია სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს  დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი გაურკვეველით დროით ცალმხრივად არის ჩაკეტილი და ოფიციალურად ატარებენ მძიმე ავადმყოფებს, რომლებსაც შესაბამისი ცნობა გააჩნია. დეფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე “პროვოკაციული ხასიათის” საპროტესტო აქციებია, რომელიც “აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას” ეხება.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას აკაკი ბობოხიძის განცხადების გამო, შესაძლოა, ენგურის ხიდი ჩაეკეტა.

ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო პრობლემები შეექმნათ აფხაზეთში მცხოვრებ აბიტურიენტებს. მათმა ნაწილმა ზუგდიდში გადმოსვლა თანხის სანაცვლოდ მოახერხა.