დღეს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი გაიმართება, სადაც ქართული მხარე ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვის საკითხს დააყენებს. ასევე, განიხილავენ ყველა იმ მწვავე თემას, რომლებსაც წინა შეხვედრებისას განიხილავდნენ. კერძოდ, დემილიტარიზაცია, უკანონო ბორდერიზაცია და იქ არსებული მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ფონი. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, დღის წესრიგით გათვალისწინებულია დევნილთა უსაფრთხო და უპირობო დაბრუნებისა და რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობა.
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი გეგმავს ჟენევაში რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეზღუდვის საკითხი დააყენოს.
“ზომები, რომელთა შესახებაც რუსეთის მხარემ განაცხადა, არ არის გამართლებული, არ გააჩნია საფუძველი მათ მიღებას და ამიტომ, იმედი მაქვს, რომ, სულ ცოტა, შევძლებთ დავუბრუნდეთ მანამდე არსებულ ვითარებას”, – აღნიშნა კლაარმა რადიო თავისუფლების სომხურ რედაქციასთან ინტერვიუში.
სოხუმის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი გაურკვეველით დროით ცალმხრივად არის ჩაკეტილი და ოფიციალურად ატარებენ მძიმე ავადმყოფებს, რომლებსაც შესაბამისი ცნობა გააჩნია. დეფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე “პროვოკაციული ხასიათის” საპროტესტო აქციებია, რომელიც “აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას” ეხება.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას აკაკი ბობოხიძის განცხადების გამო, შესაძლოა, ენგურის ხიდი ჩაეკეტა.
ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო პრობლემები შეექმნათ აფხაზეთში მცხოვრებ აბიტურიენტებს. მათმა ნაწილმა ზუგდიდში გადმოსვლა თანხის სანაცვლოდ მოახერხა.