სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვას მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვად აფასებს.
“აღნიშნული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, ცალსახად, განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა, რაც ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას, მიზნად ისახავს მოსახლეობის იზოლაციას და საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – განაცხადეს სუს-ში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შეფასებით კი, ახლა მთავარ პრიორიტეტს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა წარმოადგენს, რომელიც ყველაზე მეტად ზარალდება უკანონო შეზღუდვით.
“შესაბამისად ძალიან ინტენსიურ რეჟიმში სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ჩართული ვართ იმაში, რომ უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას, რომ მოსახლეობა მძიმედ არ დაზარალდეს. ჩვენ უკვე გუშინდელი დღიდან გვაქვს კომუნიკაცია ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მეშვეობით. ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვიცი, რომ მძიმე გამოწვევა და წუხილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, უკავშირდება ახლგაზრდების გადაადგილებას, მათ მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში.
ჩვენ ახლა განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ იმ სქემაზე, რომ არ ჰქონდეთ შეფერხება გალელ სტუდენტებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში წვდომაზე და მინდა დავაიმედო მოსახლეობა და დავარწმუნო იმაში, რომ ნამდვილად ჩვენი ყველა ნაბიჯი ახლაც და შემდგომ, იქნება განსაზღვურული მათი ინტერესების მიხედვით და მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ მათ კიდევ ერთხელ.
პოლიტიკურ შეფასებებს გავაკეთებთ ცოტა მოგვიანებით. ახლა ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს და ვცადოთ ყველაფერი, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაუქმდეს უკანონო შეზღუდვა“, – თქვა ქეთევან ციხელაშვილმა
ცნოობისთვის, აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 27 ივნისს საღამოს ცხრის ნახევრისთვის ენგურის ხიდი დროებით ჩაიკეტა. ამ ფაქტთან დაკავშირებით სოხუმმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ზუგდიდში მიმდინარე “პროვოკაციული ხასიათის საპროტესტო აქციები იმართება, რომელიც ეხება აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას, შესაბამისად, მიღებულია სპეციალური კომპლექსური ზომები, რომ აფხაზეთს ზიანი არ მიადგეს და საფრთხე არ შეექმნას“.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას აკაკი ბობოხიძის განცხადების გამო, შესაძლოა, ენგურის ხიდი ჩაეკეტა.