აწყურის ტაძრის რეაბილიტაცია ორი წლის დაგვიანებით დასრულდება

2167

აწყურში ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციისთვის დამატებით ოთხი მილიონი ლარი გამოიყოფა. სამუშაოები ორი წლის დაგვიანებით, 2024 წელს დასრულდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სამუშაოებზე თანხის დამატებისა და ვადის გახანგრძლივების მიზეზი, პროექტში შესული ცვლილებებია, რომლის მიხედვით ტაძარი, თუნუქის სახურავის ნაცვლად, ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტრადიციული ქვის ლორფინით გადაიხურება.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ნაგებობის თაღოვანი კონსტრუქციების მოწყობა მიმდინარეობს. არსებული გეგმის მიხედვით, ფიზიკური სამუშაოების შედეგად მიმდინარე წელს ტაძრის ტანის ყველა არქიტექტურული სეგმენტი დასრულდება. მომდევნო წლიდან სარესტავრაციო პროცესი, რომელსაც კომპანია “ივერთმშენი” ახორციელებს, აწყურის გუმბათის ყელის მშენებლობას მოიცავს.

აწყურში, ტაძრის რესტავარაციის პროექტში ცვლილებების შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ერთი თვის წინ წერდა. მაშინ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“ ამბობდა, რომ ტაძრის სახურავის შეცლის გამო თანხებს, სავარაუდოდ, მილიონი ლარის დამატება დასჭირდებოდა და სამუშაოები 2022 წლამდე გადაიწევდა.

პროექტში ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც აწყურში ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. 

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია ფონდი “ქართუს” და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობით 2016 წელს დაიწყო. ფონდი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 12,5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს. აღდგენილ ტაძარზე ქვის უძველესი არქიტექტურული დეტალები მაქსიმალურად შენარჩუნდება.

ისტორიკოსების ვარაუდის მიხედვით, აწყურის საკათედრო ტაძარი მეთერთმეტე საუკუნის ძეგლია, რომლის თავდაპირველი მშენებლობის შესახებ ისტორიული ცნობები შემორჩენილი არაა. მიწისძვრით დანგრეული ეკლესია XIV-XV სს-ში სამცხის მმართველმა ათაბაგებმა-ჯაყელებმა აღადგინეს ტაძარი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულებით, ისტორიული მნიშვნელობითა და გამორჩეული მონუმენტურობით, ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია.

ცნობილია, რომ დიდი ხნის განმავლობაში აქ იყო დაბრძანებული აწყურის სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი.